ზურაბ ცეცხლაძე - რეჟიმს უამრავი ბერკეტი აქვს, გატეხოს ადამიანები - ზვიადი მობილიზებულია იმისკენ, რომ „არანაირი მონანიება, არანაირი შეწყალება, არანაირი საპროცესო“

ზურაბ ცეცხლაძე - რეჟიმს უამრავი ბერკეტი აქვს, გატეხოს ადამიანები - ზვიადი მობილიზებულია იმისკენ, რომ „არანაირი მონანიება, არანაირი შეწყალება, არანაირი საპროცესო“

ვინც საპროცესოზე წავიდა, რეჟიმმა მათ წინააღმდეგ ყველა ბერკეტი გამოიყენა და სხვა გზა არ დაუტოვა ამ ადამიანებს. განსაკუთრებით ვინერვიულე ნიკოლოზ ჯავახიშვილის გადაწყვეტილებაზე - ბიჭს ათი დღე აქვს დარჩენილი, 720 დღე იჯდა ციხეში, ათი დღე დარჩა და როგორ უნდა შეუქმნა მას ისეთი პირობები ციხეში, რომ გადაწყვეტილება მიიღოს და ათი დღით ადრე გამოვიდეს ციხიდან. მარტო ამ მაგალითიდან ჩანს, რა ვერაგია რეჟიმი , - ამის შესახებ აქციების ფარგლებში დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

ცეცხლაძის თქმით, ვინც საპროცესო შეთანხმებაზე არ წავიდა და ციხეში დარჩა, ის სასჯელს ბოლომდე მოიხდის.

“ზვიადი მობილიზებულია იმისკენ, რომ არანაირი მონანიება, არანაირი შეწყალება, არანაირი საპროცესო. ჯერ კიდევ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს ბანერი ეჭირა და აჩვენებდა საზოგადოებას, “არანაირი შეწყალება, არანაირი საპროცესო”. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, თუმცა დღეს კიდევ ძალიან მრავლად არიან ადამიანები ციხეში, ვინც ამ გადაწყვეტილებაზეა.

რეალურად, ვინც უნდა წასულიყო და წავიდა საპროცესოებზე, სასამართლოში გააფორმეს და გამოვიდნენ [4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით] და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს ვინც დაიჭირეს, ამ ჯგუფში ერთადერთი აღმოჩნდა ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო, რომ მოეწერა ხელი ამ საპროცესო შეთანხმებაზე. ფაქტობრივად, ვისაც უნდა მოეწერა ხელი და ვისაც უნდა გაეფორმებინა საპროცესო, უკვე გარეთ არიან, შიგნით კი არის ხალხი, რომლებიც ამაზე არ წავიდა და მინდა, საზოგადოება დავარწმუნო, რომ ამიერიდან არავინ მოაკლდება, ვიდრე ამ სასჯელს არ მოიხდიან. მათ შორის, არიან ორი მაღალი სასჯელი მქონე არჩილ მუსელიანცი და მათე დევიძე, რომლებსაც ოთხ წელიწადზე მეტი აქვთ, თუმცა მათი მტკიცე გადაწყვეტილება მეც ვიცი და საზოგადოებამაც, რომ ამას არ აპირებენ.

ვინც საპროცესოზე წავიდა, რეჟიმმა მათ წინააღმდეგ ყველა ბერკეტი გამოიყენა და სხვა გზა არ დაუტოვა ამ ადამიანებს, რომ თავისი სიმართლე ჯერ პროკურატურაში დაეცვათ, მერე სასამართლოში და მერე პენიტენციურ დაწესებულებაში. სახელმწიფოს და, ამ შემთხვევაში, რეჟიმს უამრავი მექანიზმი და ბერკეტი აქვს, რომ ზეწოლა მოახდინოს და გატეხოს ადამიანები. მას არ აწყობს ასეთი მებრძოლი და მტკიცე ადამიანები. უნდა, რომ გატეხოს ისინი და სახელგატეხილი გამოვიდნენ იქიდან. ამ ადამიანებს საკუთარ თავზე ისეთი დანაშაულები ააღებინა, რომ ეს დანაშაულები არათუ ჩაუდენიათ, მსგავსი არც გაუაზრებიათ, არც უფიქრიათ და არც გაუკეთებიათ.

მე არ ვამბობ იმას, რომ აქციების დროს არ ყოფილა ან ქვის სროლა, ან პიროტექნიკის სროლა, მაგრამ სახელმწიფო იმიტომ ხარ, რომ გამოიძიო და იდენტიფიცირება მოახდინო, ვინ გააკეთა, როგორ გააკეთა. პროკურატურა იმიტომ არის, რომ დაუმტკიცოს და სასამართლო იმიტომ არის, რომ მიუსაჯოს. უბრალოდ მიჰყვე და პრევენციის მიზნით დაიჭირო ისე, რომ არ არის მტკიცებულება და ვინც რეალურად გააკეთა, სუს-ისა და შსს-ს შემოგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც ამ ყველაფერს უწყობენ ხელს და სწორედ მათ მიერ ინსპირირებული იყო ეს ყველაფერი, ისინი გარეთ დარჩნენ და აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები აღმოჩნდნენ ციხეში.

ახლა კი სახელმწიფომ მათ აიძულა, სხვა გზა აღარ დაუტოვა, პირდაპირ უთხრა, ჩაიდინეთ თუ არა, არ გვაინტერესებს, ან მოინანიებთ და თავისუფლები იქნებით, ან თავისუფლები ვერ იქნებითო. არიან ადამიანები, რომლებიც ამ მსხვერპლზე წავიდნენ. მე თანავუგრძნობ, განსაკუთრებით ვინერვიულე ნიკოლოზ ჯავახიშვილის გადაწყვეტილებაზე - ბიჭს ათი დღე აქვს დარჩენილი, 720 დღე იჯდა ციხეში, ათი დღე დარჩა და როგორ უნდა შეუქმნა მას ისეთი პირობები ციხეში, რომ გადაწყვეტილება მიიღოს და ათი დღით ადრე გამოვიდეს ციხიდან. ვერ ვიაზრებ, ასეთი რამ ლოგიკას არ ექვემდებარება. მე არ ვიცი, შიგნით რა მოხდა და რატომ მიიღო ამ ადამიანმა ეს გადაწყვეტილება, თუმცა მარტო ამ მაგალითიდან ჩანს, რა ვერაგია რეჟიმი, რომ ასეთი ადამიანები გატეხოს და გატეხილი გამოიყვანოს ციხიდან, რათა საზოგადოებას ასეთი აჩვენოს ისინი და თავისი ქმედება გაამართლოს”, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.