ლევან ბეჟაშვილი - მოსამართლეები პრაქტიკულად ხელს უწყობენ მოსარჩელე მხარეს, სწორედ ამით იყო განპირობებული ინციდენტი, რომელიც ნიკა გვარამიას გაძევებით დასრულდა - ხვალ საკითხთან დაკავშირებით გვქენება კონკრეტული განცხადება

ვხედავთ მნიშვნელოვნად გამოკვეთილ პრეცედენტს, როდესაც სასამართლო, მოსამართლეები პრაქტიკულად ხელს უწყობენ მოსარჩელე მხარეს პასუხების არგაცემაში - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში, მოსამართლის დახმარებით მოსარჩელე მხარე დომინანტურ პოზიციაშია, რასთან დაკავშირებითაც მის პარტიასაც კონკრეტული განცხადება ექნება.
„ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვნად გამოკვეთილ პრეცედენტს, როდესაც სასამართლო, მოსამართლეები პრაქტიკულად ხელს უწყობენ მოსარჩელე მხარეს პასუხების არგაცემაში, კითხვებზე, რომელიც პარტიებს აქვთ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი არის პროცენტულად იმ კითხვების ჩამონათვალი, რომელსაც სასამართლო უბრალოდ [პროცესიდან] ხსნის - ამით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეხმარება მოსარჩელე მხარეს, სწორედ ამით იყო განპირობებული ინციდენტი, რომელიც მოხდა და ნიკა გვარამიას გაძევებით დასრულდა. ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მოპასუხე მხარეებს, ისედაც პროცესი დომინანტურია და იგრძნობა მოსამართლეების აშკარა წახალისება თუ უპირატესობის მიცემა მოსარჩელე მხარის მიმართ. ჩვენ ხვალ კონკრეტული განცხადება გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ შესაბამის შუამდგომლობას დააყენებს. ჯერჯერობით ამ პროცესში ვართ, რადგან რაც უფრო ახლოვდება სასამართლო სხდომის დასკვნითი ფაზა, მით უფრო მკვეთრად გამოკვეთილი არის სასამართლოს მიკერძოება ცალკეულ პროცედურულ საკითხებში მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

























