მინისტრის მოადგილე - მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს - იდგმება ნაბიჯები იმისათვის, რომ 2029 წლისთვის პორტი სრულ ოპერირებაში შევიდეს

მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს - დასრულებულია დაღრმავებითი სამუშაოები, მიმდინარეობს ტალღმჭრელის მშენებლობა, იდგმება ნაბიჯები იმისათვის, რომ 2029 წლისთვის პორტი სრულ ოპერირებაში შევიდეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე რკინიგზისა და გზის კომპონენტი.
„რკინიგზის მშენებლობის ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ 2029 წლისთვის რკინიგზის ცენტრალურ ქსელს დაუერთდეს ანაკლიის ნავსადგური და მოვახდინოთ ერთიან ეროვნულ ქსელში ანაკლიის ნავსადგურის ჩართვა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ტვირთბრუნვის ზრდის მაჩვენებლებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ 2026 წელი ამ კუთხით გამორჩეულია.
„საქართველო ისტორიულად წარმოადგენდა და წარმოადგენს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ კვანძს და შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარება. ასევე მნიშვნელოვანია ის ციფრები, რომელიც ზოგადად დერეფანში გვაქვს. ამ კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ 2026 წელი გამორჩეული და რეკორდულია - 10 თვის მონაცემებით, ყველა სახეობის ტრანსპორტსა და, შესაბამისად, ტვირთების ყველა კატეგორიაში მატება გვაქვს", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მსოფლიო ბანკმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, 2040 წლისთვის შუა დერეფანში ტვირთბრუნვა გაოთხმაგდება და, შესაბამისად, ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროექტები უკვე ჩაშვებულია.
„გამოვყოფდი ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტს - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას და ამ პროექტის მიმდინარეობას, რაც აკავშირებს სრულიად შუა დერეფანს შავ ზღვასთან და შესაბამისად, ამ მიმართულებით საქართველო, თავის მხრივ, დგამს შესაბამის ნაბიჯებს", - ამბობს თამარ იოსელიანი.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

























