მაკა ბოჭორიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ბაქოში შეხვდა.

ინფორმაციას და შესაბამის ფოტომასალას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ავრცელებს.

ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა შეაფასა, როგორც შინაარსიანი და საინტერესო და აღნიშნა, რომ ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ასევე, განიხილეს ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები და „შუა დერეფნის“ განვითარების ახალი შესაძლებლობები.

„აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დავიწყე. გვქონდა საინტერესო და შინაარსიანი საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.

ასევე, განვიხილეთ ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები და „შუა დერეფნის“ განვითარების ახალი შესაძლებლობები.

ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო ინტერესი აკავშირებს. მნიშვნელოვანია, ეს ძლიერი პარტნიორობა და მეგობრობა კიდევ უფრო განვავითაროთ“, - წერს მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.

მაკა ბოჭორიშვილი ბაქოში დღეს გაემგზავრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან.