საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ბუდაპეშტში PROFFORMANCE-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა და ევროპულ აკადემიურ სივრცესთან თანამშრომლობის გაღრმავება სტრატეგიული მნიშვნელობისაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი არა მხოლოდ მონაწილეობს საერთაშორისო საგანმანათლებლო ინიციატივებში, არამედ აქტიურად არის ჩართული მათ განხორციელებაში, პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და მიღებული ცოდნის საუნივერსიტეტო საქმიანობაში ინტეგრირებაში. PROFFORMANCE-ის საერთაშორისო ღონისძიებებში ხათუნა ჩაფიჩაძის, როგორც ინსტიტუციური ელჩის, მონაწილეობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების გლობალურ პროფესიულ ქსელებში ჩართულობას, ევროპული გამოცდილების გაზიარებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებას. ამასთანავე, სასიხარულოა, რომ საერთაშორისო პლატფორმაზე საკუთარი პოზიციის წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცა ჩვენს სტუდენტს, ემა ჭანტურიას. ეს უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა - სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ერთობლივი მონაწილეობა იმ პროცესებში, რომლებიც თანამედროვე უმაღლესი განათლების განვითარებას განსაზღვრავს.
ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სტუდენტზე ორიენტირებული აკადემიური გარემოს განვითარებაა. ამ მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სოლიდური გამოცდილება და მიღწევები აქვს, რასაც ადასტურებს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა, საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი სრულყოფა და სტუდენტებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდილების მიღების შესაძლებლობების შექმნა. ჩვენი მიზანია, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კიდევ უფრო გაიმყაროს პოზიციები საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში და მოამზადოს კონკურენტუნარიანი, მაღალი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ახალი თაობა“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საერთაშორისო ღონისძიებაში უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორმა, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა, სოციალური მეცნიერებების დოქტორმა, პოლიტოლოგმა და PROFFORMANCE-ის ინსტიტუციური ელჩმა (IPA) ხათუნა ჩაფიჩაძემ, ასევე, ამავე ფაკულტეტის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი ემა ჭანტურიამ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტ PROFFORMANCE-ის ფარგლებში გამართულ მნიშვნელოვან ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრები უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების, სწავლებისა და სწავლის პროცესის სრულყოფის, აკადემიური საქმიანობის შეფასებისა და სტუდენტთა ჩართულობის საკითხებს მიეძღვნა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, ვორკშოპების ძირითადი მიზანი იყო იმ მექანიზმებისა და შესაძლებლობების გააზრება, რომელთა მეშვეობითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ შეფასების პროცესი სწავლებისა და სწავლის განვითარების ეფექტიან ინსტრუმენტად აქციონ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეფასების შედეგების პრაქტიკულ გამოყენებას, ინსტიტუციური გამოცდილების გაანალიზებასა და ისეთი მიდგომების დანერგვას, რომლებიც აკადემიური საქმიანობის ხარისხობრივ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
როგორც ხათუნა ჩაფიჩაძე აცხადებს, შეხვედრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და საერთაშორისო ექსპერტების უკუკავშირის როლი სასწავლო კურსების განვითარებაში. მისი თქმით, მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა დაინტერესებული მხარის შეფასებებისა და რეკომენდაციების სისტემური გაანალიზება და მათი სასწავლო კურსების შინაარსის, სწავლების მეთოდებისა და საგანმანათლებლო შედეგების გაუმჯობესების პროცესში ინტეგრირება.
„ვორკშოპების კონცეფცია ეფუძნებოდა მნიშვნელოვან პრინციპს - შეფასება არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ მიღწეული შედეგების გაზომვით ან არსებული მდგომარეობის აღწერით. მისი მთავარი დანიშნულება უნდა იყოს მიღებული ინფორმაციის გამოყენება შემდგომი განვითარების, ხარისხის გაუმჯობესებისა და საგანმანათლებლო პროცესის უწყვეტი სრულყოფისთვის. სწორედ ამგვარი მიდგომა ქმნის შესაძლებლობას, შეფასება ინსტიტუციური განვითარების რეალურ მამოძრავებელ ძალად იქცეს. ღონისძიებების მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო სტუდენტური პერსპექტივის წარმოჩენა. PROFFORMANCE-ის ინსტიტუციური ელჩების საერთაშორისო შეხვედრისა და ვორკშოპის ფარგლებში გამართულ სტუდენტურ მრგვალ მაგიდაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი ემა ჭანტურია, რომელიც დისკუსიაში სტუდენტ პანელისტად ჩაერთო. სტუდენტური მრგვალი მაგიდა წარმოადგენდა პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე საკუთარი ხედვები, გამოცდილება და მოსაზრებები გაეზიარებინათ უმაღლესი განათლების ხარისხის, სწავლებისა და სწავლის პროცესის ეფექტიანობისა და სტუდენტთა ჩართულობის შესახებ. ემას მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სტუდენტების უშუალო გამოცდილება და შეფასებები საგანმანათლებლო პროცესის გაუმჯობესების ერთ-ერთ აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს. სტუდენტთა მონაწილეობა მსგავსი ფორმატის საერთაშორისო დისკუსიებში ხელს უწყობს მათ აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარების გაძლიერებას“, - აცხადებს ხათუნა ჩაფიჩაძე.
სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მონაწილეობა ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიებებში მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა უნივერსიტეტის აკადემიური გამოცდილების საერთაშორისო სივრცეში წარმოსაჩენად და ევროპულ საგანმანათლებლო მიდგომებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

























