ირაკლი კუპრაძე - ე.წ. პრემიერის თავხედობამ იქამდე მიაღწია, რომ ხალხს პირდაპირ ეუბნება, მდინარაძის საკადრო გადანაცვლებები თქვენი საქმე არ არისო

ირაკლი კუპრაძე - ე.წ. პრემიერის თავხედობამ იქამდე მიაღწია, რომ ხალხს პირდაპირ ეუბნება, მდინარაძის საკადრო გადანაცვლებები თქვენი საქმე არ არისო

მეორე კაცო კობახიძევ, ვის ეხება ქვეყნის მართვა, თუ არა ქართველ ხალხს?! - ასე მიმართა „ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალურმა მდივანმაირაკლი კუპრაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ირაკლი კუპრაძე გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას, რომ „მათ პოლიტიკურ გუნდში ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი, ის კი - მეორე“ და ასევე მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კობახიძის პასუხს.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, „ე.წ. პრემიერის თავხედობამ იქამდე მიაღწია, რომ ხალხს პირდაპირ ეუბნება, მდინარაძის საკადრო გადანაცვლებები თქვენი საქმე არ არისო“.

„საუბარია იმ საკვანძო თანამდებობებზე, რომლებზეც ქვეყნის უსაფრთხოება და რეგიონების მართვაა დამოკიდებული.

ეს არის „ქართული ოცნების“ მაფიოზური წესრიგი. სახელმწიფო თანამდებობებს საკუთარ ვიწრო წრეებში ინაწილებენ, ხალხის ბიუჯეტს ძარცვავენ, ინსტიტუციებს ანგრევენ და ყველაფერს საკუთარ ჯიბეს უქვემდებარებენ. შემდეგ კი იმავე ხალხს, რომლის ფულითაც ცხოვრობენ, ეუბნებიან - გაჩუმდით, ეს თქვენი საქმე არ არისო!

კობახიძევ, ქვეყანა შენი და შენი პარტიის დუქანი არ არის! ვის აბარებთ ქვეყნის უსაფრთხოებას, ვის ანდობთ რეგიონების მართვას და სად მიდის ხალხის ფული? - ეს სწორედ ქართველი ხალხის საქმეა! პასუხის გაცემაც მისი ვალია, ვინც დღეს პრემიერის სკამზე ზის.

ხალხი ძალაუფლებას აუცილებლად დაიბრუნებს! თქვენ კი, ამ თავხედობით პოლიტიკური სანაგვისკენ გზას თავად იკვალავთ!“, - აცხადებს კუპრაძე.

ცნობისთვის, კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის, რომ მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ სამომავლოდ სისხლის სამართლის საქმე დაიწყოს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ კითხვას საფუძველი არ აქვს.

„არის კითხვა, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს. ამ კითხვას არანაირი საფუძველი არ აქვს. ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკურ ხელისუფლებას აქვს უფლება, რომ ამაზე [გუნდში გადაადგილებაზე] კომენტარი არ გააკეთოს. როცა შიდა გადაადგილება ხდება გუნდში ჩვენ გვაქვს სრული უფლება რაღაცაზე გავაკეთოთ კომენტარი, რაღაცაზე არ გავაკეთოთ კომენტარი. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, კონკრეტულად რა საფუძვლები ჰქონდა ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, ეს არის შიდა სამზარეულო და გვაქვს უფლება კომენტარი არ გავაკეთოთ“,- განაცხადა კობახიძემ.