პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - ძნელი წარმოსადგენია, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონის შემოსვლა შემთხვევითობა იყო

ძნელი წარმოსადგენია, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონის შემოსვლა შემთხვევითობა იყო, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაველ ჟალევსკიმ განაცხადა.
პაველ ჟალევსკი გასულ ღამეს უკრაინაზე რუსეთის იერიშების დროს პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონის შეფრენის ფაქტს გამოეხმაურა.
„დრონს თავიდანვე აკვირდებოდნენ. შეიარაღებულმა ძალებმა მისი ჩამოგდების გადაწყვეტილება არ მიიღეს, რადგან მშვიდობიანი მოსახლეობის საფრთხეში ჩაგდება და ზიანის მიყენების რისკზე წასვლა არ სურდათ“, - განაცხადა პაველ ჟალევსკიმ.
მისი თქმით, დრონი პოლონეთის საჰაერო სივრცეში მცირე ხნით დარჩა და შემდეგ ქვეყნის ტერიტორია დატოვა.
„ჩვენი ვარაუდით, ეს წინასწარგანზრახული მოქმედება იყო“, - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

























