სამხრეთ კორეამ რუსული თვითმფრინავების საჰაერო სივრცესთან მიახლოების გამო კუნძულის მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა

სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებმა სამშაბათს გამანადგურებლები ჰაერში განალაგეს, ხოლო ხელისუფლებამ კუნძულ ულინდოს მცხოვრებლებს თავშესაფრებში გადასვლის შესახებ წინასწარი გაფრთხილება მისცა მას შემდეგ, რაც რუსული სამხედრო თვითმფრინავები ქვეყნის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში მცირე ხნით შევიდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის პრესსპიკერის, ჩანგ დო-იონის განცხადებით, ქვეყნის სამხედროებმა რუსული თვითმფრინავების რამდენიმე ერთეული დააფიქსირეს, რომლებიც კუნძულ ულინდოსკენ, ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე კუნძულისკენ, მიემართებოდნენ და უკვე მის საჰაერო სივრცეში შესვლის ზღვარზე იყვნენ.
„მოსალოდნელი იყო საჰაერო სივრცეში შეჭრა, ამიტომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით წინასწარ გავეცით გაფრთხილება“, - განაცხადა ჩანგ დო-იონმა.
უსაფრთხოების სამინისტრომ, სამხედრო უწყებასთან კოორდინაციით, სამოქალაქო თავდაცვის გაფრთხილება გასცა და კუნძულ ულინდოს მცხოვრებლებს მოუწოდა, რუსული თვითმფრინავების მიერ „საჰაერო სივრცის დარღვევის“ გამო თავშესაფრებში გადასულიყვნენ. გაფრთხილება სამი წუთის შემდეგ გაუქმდა.
ცალკე გაფრთხილება შეცდომით გაავრცელა რეგიონის მთაბრობამაც, რომლის თანახმად, ტერიტორიაზე ჩრდილოკორეული თვითმფრინავი იყო შესული. მოგვიანებით გაფრთხილება გააუქმეს.
კორეის სამხედრო უწყების ცნობით, საბოლოოდ რუსულ თვითმფრინავებს ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ.
თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, ჩონ ბინას განცხადებით, სამინისტრო სამშაბათს მოგვიანებით რუსეთის სამხედრო ატაშეს დაიბარებს და მკაცრ პროტესტს გამოუცხადებს.
საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა არის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული საჰაერო სივრცის არეალი, რომელიც მიზნად ისახავს იმ თვითმფრინავების იდენტიფიცირებას და მათზე რეაგირებას, რომლებიც ქვეყნის საჰაერო სივრცეს უახლოვდებიან.

























