მარკ რუტე - პუტინს უნდა ვაჩვენოთ, რომ მისი მცდელობები, შეასუსტოს უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა, კრახით დასრულდება

მარკ რუტე - პუტინს უნდა ვაჩვენოთ, რომ მისი მცდელობები, შეასუსტოს უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა, კრახით დასრულდება

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, აუცილებელია უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი მარაგების, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალების, მიწოდების უზრუნველყოფა.

„ეს უკრაინას დღეს თავდაცვაში ეხმარება, ამავდროულად კი აძლიერებს მის პოზიციებს რუსეთთან შესაძლო სამომავლო მოლაპარაკებებში. თუმცა, მხარდაჭერა კონკრეტული უნდა იყოს. პუტინს უნდა ვაჩვენოთ, რომ მისი მცდელობები, შეასუსტოს ჩვენი მხარდაჭერა, კრახით დასრულდება“, - განაცხადა რუტემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 72-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ხაზი გაუსვა უკრაინისთვის უფრო ფართო მხარდაჭერის გაწევის აუცილებლობას, ისევე როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნების საზოგადოებების მდგრადობის გაძლიერებას კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი შესაძლო დივერსიული ქმედების მიმართ.

„ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ელექტროენერგია არ გაითიშება, სახლებში სითბო შენარჩუნდება, ხოლო საავადმყოფოები, ტრანსპორტი და საკომუნიკაციო სისტემები შეუფერხებლად განაგრძობენ მუშაობას“, - აღნიშნა რუტემ.