ვოლოდიმირ ზელენსკი - როცა მე-5 მუხლის მსგავს გარანტიებზე ვსაუბრობთ, კონკრეტულ კითხვებზე პასუხები გვჭირდება: რომელი ქვეყნები დაუჭერენ მხარს უკრაინას, რომელი ქვეყნების ჯარები განთავსდება წინასწარ ჩვენს ტერიტორიაზე

დღეს რუსეთი ჩვენს პასუხს ყველგან გრძნობს - დასავლეთ ციმბირიდან დაწყებული, სადაც მისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის, ლიბიის სანაპირომდე, სადაც მისი სამხედრო ხომალდები იძირება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 72-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა არაერთხელ გამოვიდა საბრძოლო მოქმედებების შესამცირებელი ნაბიჯების გადადგმის შეთავაზებით და არასდროს ყოფილა ის მხარე, რომელიც დაძაბულობას ზრდის, თუმცა რუსეთი არანაირ მშვიდობიან პასუხს არ იძლევა.
მან ნატო-ს ლიდერებს მოუწოდა, „ინვესტიცია ჩადონ უფრო მტკიცე უსაფრთხოებასა და მეტ მდგრადობაში“.
„ნუთუ აქ ვინმეს კიდევ სჯერა, რომ ერთ დღეს რუსეთი კვლავ მშვიდობიანი და უსაფრთხო ქვეყანა გახდება? უბრალოდ გადახედეთ რუსეთის ისტორიის ბოლო 100 წელს. არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ ერთ ან ხუთ წელიწადში რუსეთი სხვა ქვეყნად იქცევა. ამიტომ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ, როგორი რუსეთიც არ უნდა გვიპირისპირდებოდეს და რა საფრთხეების წინაშეც არ უნდა აღმოჩნდნენ ჩვენი ქვეყნები, ყოველთვის გვქონდეს საკუთარი თავის დაცვისთვის საკმარისი შესაძლებლობები”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან პარტნიორებს მოუწოდა, ზამთრის მოახლოების წინ მხარი დაუჭირონ უკრაინას, განსაკუთრებით კი საჰაერო თავდაცვის სისტემებით.
„რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი თავდაცვა, მით ნაკლებია იმის შანსი, რომ რუსეთმა მისი გარღვევა შეძლოს, და მით მეტია შანსი, რომ დიპლომატიამ შედეგი გამოიღოს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებზეც ისაუბრა.
„როდესაც მე-5 მუხლის მსგავს გარანტიებზე ვსაუბრობთ, პასუხები გვჭირდება. გვჭირდება პასუხები ძალიან კონკრეტულ კითხვებზე: რომელი ქვეყნები დაუჭერენ მხარს უკრაინას, თუ მას კვლავ თავს დაესხმებიან? კონკრეტულად რას მოიმოქმედებენ ჩვენი პარტნიორები საპასუხოდ? რომელი ქვეყნების სამხედრო ძალები განლაგდება წინასწარ ჩვენს ტერიტორიაზე? რა დაჯდება ეს ყველაფერი და რეალურად იმუშავებს თუ არა? ეს ყველაფერი რთული საკითხია და ამ იდეებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი მკაფიო და კონკრეტული პასუხი არ გვაქვს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის პარტნიორებს სურთ, უკრაინას, რუსეთს, აშშ-სა და ევროპას შორის ოთხმხრივი მოლაპარაკებები შობამდე გაიმართოს.
„პარტნიორებისგან გავიგეთ, რომ მათ სურთ, ეს შობამდე განახორციელონ. ვიმედოვნებთ, რომ ეს უფრო ადრე მოხდება; ამ შეხვედრაზე კი უნდა მივიდეთ მკაფიო დღის წესრიგით, რომელიც წინასწარ იქნება მომზადებული და ჩვენ ყველას მიერ შეთანხმებული. როდესაც წამოიჭრება მთავარი კითხვა - „რა მოხდება ამ ომის შემდეგ?“ - ჩვენი საერთო პასუხი უსაფრთხოება უნდა იყოს. რეალური უსაფრთხოება. უსაფრთხოება უკრაინისთვის, უსაფრთხოება რუსეთის ყველა მეზობლისთვის, უსაფრთხოება ევროპისა და მთელი ევროატლანტიკური სივრცისთვის. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალურად მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. მჯერა, რომ ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც რუსეთს აღარ ექნება ცდუნება, გამოსცადოს, მუშაობს თუ არა რეალურად ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

























