ფიქრია ჩიხრაძე - ხელისუფლების ქმედებებმა ეკლესია ზომაზე მეტად გააღიზიანა და როგორც ჩანს, გადაწყვიტეს სუროგაციის აკრძალვით ეკლესიის სიბრაზე ცოტა მაინც ჩააცხრონ - ამაზე უმრავლესობის ფორმატში მოთათბირება ამორალურია

ფიქრია ჩიხრაძე - ხელისუფლების ქმედებებმა ეკლესია ზომაზე მეტად გააღიზიანა და როგორც ჩანს, გადაწყვიტეს სუროგაციის აკრძალვით ეკლესიის სიბრაზე ცოტა მაინც ჩააცხრონ - ამაზე უმრავლესობის ფორმატში მოთათბირება ამორალურია

სუროგაციის საკითხის ასე ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტა და უმრავლესობის სხდომაზე მოთათბირების შედეგად საკითხის გამოტანა, როგორც აკრძალვის გადაწყვეტილება, ვფიქრობ, ძალიან ამორალურია და ამორალურია ქვეტექსტი და კონტექსტი, რომელიც ამ თემის ასე ნაჩქარევად გადაწყვეტას ახლავს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტია გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში სუროგაციის აკრძალვა იგეგმება.

როგორც მან აღნიშნა, საკითხს მკაცრი რეგულირება სჭირდება.

„ვიცით, რომ საქართველოს ეკლესიას ჰქონდა უარყოფითი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. სუროგაციასთან დაკავშირებით, სხვა დემოკრატიულ სამყაროშიც არ არის ერთგვაროვანი მიმართება და ქვეყნების უდიდეს ნაწილში არ არის დაშვებული ეს მოვლენა. თავისთავად მოვლენას აქვს კიდევ ერთი მხარე, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ის არის ერთგვარი ნუგეში მას მერე, რაც წყვილებისგან ყველა გზა მოისინჯება ხოლმე. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთი ოჯახებისთვის, ასეთი მოლოდინის მქონე ადამიანებისთვის, რომ არსებობს ეს შესაძლებლობა. წმინდა რელიგიური თვალსაზრისით ძნელია ადამიანმა ზუსტი აღწერა თქვას ამასთან დაკავშირებით. რელიგიის მოსაზრება მთლად ეთიკურად არ მიიჩნევს ამ საკითხს. როდესაც საკითხი ასე რთულია, ასე ერთი ხელის მოსმით ამ საკითხის გადაწყვეტა და უმრავლესობის სხდომაზე მოთათბირების შედეგად საკითხის გამოტანა, როგორც აკრძალვის გადაწყვეტილება, ვფიქრობ, ძალიან ამორალურია და ამორალურია ქვეტექსტი და კონტექსტი, რომელიც ამ თემის ასე ნაჩქარევად გადაწყვეტას ახლავს.

საქართველოს ხელისუფლებამ უდიდესი ალბათობით, მიიჩნია, რომ მათმა ქმედებებმა ზომაზე მეტად გააღიზიანა საქართველოს ეკლესია. ეს გამოიხატა საკმაოდ ღია, მკაფიო და მძაფრ განცხადებებში და გადაწყვიტეს, რომ რაღაც გაეღოთ ისეთი, რომელიც ეკლესიის ამ სიბრაზეს ცოტა მაინც ჩააცხრობდა. რეალურად, რომ გავაშიშვლოთ მთელი ეს პროცესი, დავიდა აქამდე, რომ ჩვენ კაზინოების შეღავათები გვჭირდება, იმიტომ, რომ აქედან დიდ ფინანსურ მოგებას ვნახულობთ და მარტივად შეგვიძლია დავთმოთ სუროგაციის თემა, იმიტომ, რომ ეს დიდად არ გვადარდებს. ძალიან მიამიტები უნდა ვიყოთ, რომ მივიჩნიოთ საქართველოს ეკლესიის პოზიცია მხოლოდ კაზინოებთან დაკავშირებული შეღავათებით არის განპირობებული. ის პოზიცია, რომელიც უმაღლესი იერარქების მხრიდან გამოითქმის, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება მხოლოდ ერთ ან ორ საკითხს და უკავშირდება იმას, რომ ზოგადად, ქვეყანაში არის უმძიმესი მდგომარეობა შექმნილი.

სუროგაცია თუ კომერციულ ხასიათს იღებს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანები სასოწარკვეთილი, უკიდურესი გაჭირვებისგან მზად არიან წავიდნენ ისეთ ნაბიჯზე, რომელი ნაბიჯიც ეკლესიის მხრიდანაც არ იყოს მოწონებული. კომერციული მიმართულება მიეცა თირკმლის გადანერგვასაც. დემოგრაფიაზე კი როდესაც ვსაუბრობთ, სუროგაციის გარდა, დემოგრაფიას ხომ უკავშირდება, რომ ადამიანები პერსპექტივას უნდა ხედავდნენ საკუთარ ქვეყანაში?! დემოგრაფია მხოლოდ შვილიერების შემცირებაში კი არ არის გამოხატული, ის იმაშიცაა გამოხატული, რომ ხალხი გარბის საქართველოდან. ეს აკლდება საქართველოს. შვილს იქ აჩენენ, იმ ქვეყნების მოქალაქეები ხვდებიან, რომელი ქვეყნებიც მათ ხელს უწყობენ, რომ თავი სრულფასოვან ადამიანებად იგრძნონ. ასეთი საკითხები უმრავლესობის სხდომაზე კი არ უნდა წყდებოდეს, უნდა წყდებოდეს ფართო დისკუსიის საგნად. რა თქმა უნდა, სუროგაციას აქვს კრიმინალიზების საფრთხე და შავი მხარე. ეს რეგულაციას საჭიროებს. სად წავიდნენ სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვები? ხომ არ არის რაღაც ისეთი მძიმე რისი წარმოდგენაც კი შემზარავია, რომ რაღაც დანაშაულებრივი კარტერი ამას იყენებდეს ბნელი მიზნებისთვის, ორგანოებით ვაჭრობა და ა.შ?! რა თქმა უნდა, ამას უმკაცრესი საკანონმდებლო რეგულაცია სჭირდება. ეს არ შეიძლება იყოს ასე მიშვებული. ასეთი თემების ძალიან გონივრული გადაწყვეტაა საჭირო და არა ის ქვენა ამორალური განცდა, რომ „მოდი, მე ამ თემას გადავაგდებ, იქნებ საპატრიარქოს გული მოვიგო და ყველა სხვა მიმართულებას გავაგრძელებ ისევ ისე, როგორც იყო“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლებას დაკავშირებით მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ნაწილის მიერ გამოთქმულ განცხადებებს, პოლიტიკოსის შეფასებით, „ამ დღეებში ურწმუნოების ცხადი მაგალითები თვითონ ხელისუფლებამ დადო“.

„ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი პირდაპირ აგინებს ეპისკოპოსს იმის გამო, რომ მისი გამოთქმული პოზიცია არ მოეწონა და ვნახეთ, რომ მარგარიტა სიმონიანისა და მარია ზახაროვას შეგინებისთვის ადამიანებს ბევრად უფრო მაღალი თანხით აჯარიმებენ, ვიდრე მეუფე იობის შეგინებისთვის. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან ცხადია და ურწმუნოების ცხადი მაგალითები თვითონ ხელისუფლებამ დადო ამ დღეებში. ამაში ეჭვი არასდროს მეპარებოდა, რომ ეს ხელისუფლება იყო ფსევდორელიგიური და ფსევდოპატრიოტი და ამ ყველაფერს მხოლოდ ფასადისა და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებდა. ყოველთვის, ყველა ჯერზე ასე იყო. რაც შეეხება ეკლესიის პოზიციას, ეს არ არის ერთი და ორი საკითხით განპირობებული, ეს არის ბევრი წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემები. მეუფე იობს ძალიან ახალგაზრდასაც არასდროს შეუკავებია თავი ხელისუფალთა წინააღმდეგ მხილებისგან, თუკი ამის საჭიროებას ხედავდა. ასლან აბაშიძიდან მოყოლებული, შევარდნაძისა თუ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში იქნებოდა. რატომ გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“, რომ მათ უკრიტიკობისა და ხელშეუხებლობის გარანტია აქვთ აღებული სასულიერო პირებისგან?!“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

გარდა ამისა, მან საპატრიარქოს დელეგაციის მოსკოვში ვიზიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, „ამხელა დელეგაციით მოსკოვში ჩასვლა საჭირო არ იყო“.

„ეკლესიათა შორის ურთიერთობაც ის საკითხია, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში არ შეიძლება განიხილოს ადამიანმა, იმიტომ, რომ ამ ევქარისტიულ კავშირს თავისი დატვირთვა აქვს. ამ შემთხვევაში, პოლიტიკური ნაბიჯებიც შეიძლება აქედან გამომდინარე გადაიდგმებოდეს. ვფიქრობ, ამხელა დელეგაციით ჩასვლა არ იყო საჭირო, როცა დაბადების დღეზეა საუბარი. მაგრამ ამას თავად ეკლესია, წმინდა სინოდი წყვეტს. რაც შეეხება კირილს, ჩვენ ძალიან ბევრი სასულიერო პირი გვინახავს, რომელიც ცდილობს მისი საქმიანობა და სიტყვა ომიანობის დროს მშვიდობისკენ იყოს მოწოდებული. ჩვენ კირილის შემთხვევაში პირიქით ვხედავდით, რომ ის ომისკენ მოუწოდებდა და კურთხევას აძლევდა რუსეთის არმიას უკრაინის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ჩემი და ბევრი ქრისტიანის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით არის ცხადი. როდესაც ასეთ პერსონასთან გვაქვს საქმე, როდესაც მართლმადიდებლობა მის ხელშია, მისი და პუტინის ტანდემში გამოყენებულია იმპერიულ ინსტრუმენტად და არა მართლმადიდებლობის არსის გასავრცელებლად, ბუნებრივია, რომ კრიტიკა ჩნდება“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც ის შეეხო, სუს-ის ყოფილი უფროსისა და ვიცე -პრემიერისთვის, მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის გაუქმებაა. ჩიხრაძის თქმით, „მამუკა მდინარაძის ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება“.

„მამუკა მდინარაძის ცხოვრებაში ყველაფერი სწრაფად ხდება. ჩვენ იმდენად სწრაფად ვნახეთ მისი ჩინების ზრდა, რეგისტრი ძალიან მძაფრი იყო ამ მიმართულებით. ჩვენ ასევე ვნახეთ მისი თანამდებობრივი სწრაფი აღზევება და სწრაფი დაშვება. უცებ დაცვა დაუნიშნეს და უცებ გადაწყვიტეს, რომ მოუხსნეს. იმდენი ვინმე ადებს ხელს მამუკა მდინარაძეს, მის წინააღმდეგ არაკანონიერ ქმედებებში, დაცვა, ალბათ, ნამდვილად დასჭირდებოდა, ამ ფაქტებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში, მთელი ტრაგიზმი ამ ამბების ჯაჭვისა არის ის, რომ ერთი ადამიანის პირადი შეხედულებებით ხდება ამა თუ იმ თანამდებობის პირის აღზევებაც, მისი დანიშვნაც, მისი გათავისუფლებაც და მისი ციხეში გაშვებაც. თუ მამუკა მდინარაძეს ასეთი რამ ემუქრება უახლოეს ხანში, უნდა ვიცოდეთ, რომ მისი ქმედებებიდან გამომდინარე, რაღაც ძალიან აწყენინა ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება. თუ ასეთი რამ არ მოხდება, ე.ი. ბიძინა ივანიშვილმა მიიჩნია, რომ თანამდებობიდან მოიცილა და დიდად მისი პერსონა აღარ აღელვებს“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

ის ასევე შეეხო პრეზიდენტის მიერ შეწყალების საკითხს და აქციებისას დაკავებული რამდენიმე პატიმრის გათავისუფლებასაც.

„მიხარია ვინც დღეს ციხე დატოვა. ვისურვებ, რომ ყველა უკანონო ტყვე, ვინც საპატიმროებშია, იქნას გათავისუფლებული. უსამართლო პატიმრობასა და უსამართლო სასჯელზე უფრო მძიმე არაფერი არაა. ამ ხალხმა ღირსეულად მიიღო და გადაიტანა სამშობლოს სიყვარულის გამო სასჯელი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სასჯელი უნდა გაგრძელდეს. ვიცით, რომ ეს შეწყალებაც გარკვეული პერიპეტიებიდან გამომდინარე ხდება და ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ბევრი მიმართულებით მას მარწუხები მოუჭირეს, რომ რაღაც ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელიც საზოგადოებაში ერთგვარ კმაყოფილებას გამოიწვევს და ეს შეწყალებაც ამ რიგის მოვლენებს შორის წარმომიდგენია. მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს კარგია და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.