აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებსა და მათ შემადგენლობაში შემავალ სოფლებს ბუნებრივი აირის მიწოდება 30 საათით აღარ შეუწყდებათ

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებსა და მათ შემადგენლობაში შემავალ სოფლებს ბუნებრივი აირის მიწოდება 30 საათით აღარ შეუწყდებათ

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებსა და მათ შემადგენლობაში შემავალი სოფლების მომხმარებლებს ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ შეუწყდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო.

“დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო.

შესაბამისად, ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ შეუწყდებათ აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგი მუნიციპალიტეტებისა და მათ შემადგენლობაში შემავალი სოფლების მომხმარებლებს: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის მუნიციპალიტეტებს და დაბა ბაკურიანის მომხმარებლებს. ასევე გაზმომარაგება არ შეუწყდება დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მდებარე ყველა მუნიციპალიტეტის ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებს, კერძოდ: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე აჭარის რეგიონს.

მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ამინდის ცვლილებების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები, რათა ზამთრის პერიოდში ჩვენს მოსახლეობას არ შეექმნას გაზის შეფერხებული მიწოდებით გამოწვეული სირთულეები. სამუშაოები ჩატარდება მაშინ, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები ამის შესაძლებლობას მოგვცემს.

სამუშაოების განახლებული თარიღის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება”, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებსა და მათ შემადგენლობაში შემავალი სოფლებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების 30 საათის განმავლობაში - 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე შეწყვეტა იყო დაგეგმილი.