განათლების სამინისტრომ სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება გაიზიარა

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გაიზიარა მასწავლებელთა მიმართ თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით წარდგენილი ზოგადი წინადადება.
როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შესაბამისი ინფორმაცია სახალხო დამცველს განათლების სამინისტრომ 2026 წლის 18 ნოემბერს მიაწოდა.
„სახალხო დამცველი დადებითად აფასებს სამინისტროს მზაობას, ზოგადი წინადადების გათვალისწინებით განაახლოს მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი. ამ მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც განათლების სექტორის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
დაგეგმილი ცვლილებების მიზანია, საგაკვეთილო საათები ობიექტური კრიტერიუმებისა და მკაფიო პროცედურების საფუძველზე განაწილდეს. ამგვარი მოწესრიგება, სკოლების ავტონომიის შენარჩუნებასთან ერთად, ხელს შეუწყობს დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მიღების რისკის შემცირებას.
სახალხო დამცველი მიესალმება სამინისტროსთან კონსტრუქციული თანამშრომლობისა და ზოგადი წინადადებით წარმოდგენილი მიგნებებისა და რეკომენდაციების გაზიარებას. სამინისტროს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მასწავლებელთა მიმართ თანასწორი მოპყრობის ხელშეწყობისკენ და წარმოაჩენს უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისთვის.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ დაგეგმილი ცვლილებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განათლების სისტემაში თანასწორი გარემოს განმტკიცებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























