დავით მათიკაშვილი - ევროკავშირის არსი პრაქტიკულად ნიველირებულია, თანასწორუფლებიანობა გამქრალია იმ პოლიტიკური მოცემულობიდან, რასაც ევრობიუროკრატია კანდიდატ სახელმწიფოებს სთავაზობს

ევროკავშირის არსი პრაქტიკულად ნიველირებულია, თანასწორუფლებიანობა გამქრალია იმ პოლიტიკური მოცემულობიდან, რასაც ევრობიუროკრატია კანდიდატ სახელმწიფოებს სთავაზობს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროკავშირის გაფართოების ახალ შესაძლო წესებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, კანდიდატი სახელმწიფოების მიმართ გადაწყვეტილებები შესაძლოა ისე მიიღონ, რომ მათ აზრიც კი არ ჰკითხონ, რაც გაერთიანების ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„საკმაოდ მძიმე და ტრაგიკული მოცემულობაა ზოგადად ევროკავშირის მიდგომების თვალსაზრისით. ის არსი, რის გარშემოც იქმნებოდა ეს გაერთიანება, პრაქტიკულად ნიველირებულია, თანასწორუფლებიანობა არის გამქრალი ამ პოლიტიკური, მოცემულობიდან, რასაც ევრობიუროკრატია სთავაზობს ახალ წევრებს, კანდიდატ სახელმწიფოებს. ისე შეიძლება იყოს გადაწყვეტილებები მათ მიმართ მიღებული, რომ საერთოდ არც კი ჰკითხონ ამის თაობაზე, რაც ბუნებრივია პრინციპების სრული დარღვევაა, რაც ევროკავშირის, პირველ რიგში ეკონომიკური გაერთიანების არსს წარმოადგენს.
მაშინ, როდესაც ჩვენ ვადარებთ ევროკავშირის დღევანდელ ბიუროკრატიას სწორედ საბჭოთა კავშირის მოცემულობასთან, ვგულისხმობთ იმას, რომ თანასწორუფლებიანი ურთიერთობიდან სულ უფრო მეტად არის მცდელობა დაქვემდებარებულის, ანუ ხელმძღვანელის და დაქვემდებარებულის ურთიერთობებში გადავიდეს ის, რასაც დღეს ევრობიუროკრატია სთავაზობს კანდიდატ ქვეყნებს”, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის შემოღებას და პროცესი მონტენეგროთი დაიწყება.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამ პერიოდში, „ორბანის სტილის“ დარღვევების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მათთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერება.
მოსალოდნელია, რომ მომავალი კვირის დასაწყისში მხარეები ხელშეკრულების შესაბამისი ნაწილის პროექტთან დაკავშირებით პირველ ტექნიკურ განხილვას გამართავენ.

























