პოლონეთი საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევის შესახებ ინფორმაციას ამოწმებს

პოლონეთის მთავრობის უსაფრთხოების ცენტრმა მიიღო ინფორმაცია საჰაერო საფრთხის შესახებ, რაც გამოწვეულია დაუდგენელი საჰაერო ობიექტების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევით უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის ფონზე, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.
სარდლობაში აცხადებენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს რადარული სისტემის მონაცემების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ზომები პოტენციური საფრთხის საპასუხოდ.
„დამატებითი ინფორმაცია გასაჯაროვდება მას შემდეგ, რაც მონაცემები სრულად გადამოწმდება და ყველა დეტალი დაზუსტდება. გთხოვთ, გამოიჩინოთ მოთმინება და თვალი ადევნოთ შემდგომ განცხადებებს”, - აცხადებენ სარდლობაში.

























