BTU-ს „მომავლის უნივერსიტეტის“ კონცეფცია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო კონფერენციაზე წარსადგენად შეირჩა

BTU-ს „მომავლის უნივერსიტეტის“ კონცეფცია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო კონფერენციაზე წარსადგენად შეირჩა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მიერ შემუშავებული „მომავლის უნივერსიტეტის“ (University of the Future) კონცეფცია British Council-ის საერთაშორისო კონფერენციის, Going Global 2026-ის საორგანიზაციო ჯგუფმა მთავარ პროგრამაში წარსადგენად შეარჩია. გადაწყვეტილება ხაზს უსვამს BTU-ს ინოვაციური მოდელის საერთაშორისო მნიშვნელობას და მის პოტენციალს, ახალი მიმართულება მისცეს დისკუსიას იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს უნივერსიტეტი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.

Going Global მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც 2004 წლიდან აერთიანებს უნივერსიტეტების რექტორებს, განათლების მინისტრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებსა და წამყვან მკვლევრებს. კონფერენციის გლობალური ღონისძიებები 80-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 1,000 წარმომადგენელს აერთიანებს. 2026 წლის კონფერენცია 17-19 ნოემბერს სტამბოლში გაიმართა და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ევროპას, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობას.

კონფერენციის მთავარ დარბაზში BTU-ს კვლევითი ცენტრის დირექტორმა ნინო გაჩეჩილაძემ საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგინა „მომავლის უნივერსიტეტის“ კონცეფცია, რომელიც ტრადიციული საუნივერსიტეტო მოდელის სისტემურ გარდაქმნას ითვალისწინებს. კონცეფციის თანახმად, ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მხოლოდ სწავლების დამხმარე ინსტრუმენტი, არამედ უნივერსიტეტის ერთიანი ეკოსისტემის ნაწილი ხდება და გარდაქმნის სწავლების, კვლევის, მართვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესებს. BTU-მ წარმოადგინა საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის AI აგენტების ინტეგრაცია აკადემიურ საქმიანობაში და ფიზიკური, ციფრული და ინტელექტუალური გარემოს გაერთიანება ერთიან მეტაკამპუსში.

კონფერენციაზე BTU-ს პროფესორმა, დოქტორმა ცოტნე ჟღენტმა ასევე წარადგინა უახლესი კვლევა „ხელოვნური ინტელექტი სწავლასა და სწავლებაში: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგალითი“, რომელიც უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკულ გამოცდილებასა და სწავლა-სწავლების პროცესის ტრანსფორმაციას ეხება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან Going Global 2026-ის ტექნიკური კომიტეტის წევრად BTU-ს რექტორი ნინო ენუქიძე იყო შერჩეული. იგი მონაწილეობდა კონფერენციის შინაარსობრივი პრიორიტეტებისა და პროგრამის ფორმირებაში.

BTU-ს კონცეფციის საერთაშორისო კონფერენციის მთავარ პროგრამაში წარდგენა მნიშვნელოვანი აღიარებაა უნივერსიტეტისთვის და შესაძლებლობა, საქართველოს საუნივერსიტეტო გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში უმაღლესი განათლების მომავლის შესახებ გლობალური დისკუსიის ნაწილად იქცეს.

(R)