სომხეთის ჟურნალისტური ორგანიზაციები იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებენ გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის კომპენსაციის მინიმალური ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს

სომხეთის ჟურნალისტური ორგანიზაციები იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებენ გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის კომპენსაციის მინიმალური ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს

სომხეთის ცხრა ჟურნალისტურმა ორგანიზაციამ იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა, უკან გაიწვიოს შემოთავაზებული ცვლილებები, რომლებიც შეურაცხყოფისთვის 1 მილიონი სომხური დრამის (2 788 აშშ დოლარი), ხოლო ცილისწამებისთვის 2 მილიონი სომხური დრამის ( 5 577 აშშ დოლარი) ოდენობის მინიმალურ ფულად კომპენსაციას აწესებს, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აღნიშნულმა ზომებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გამოხატვის თავისუფლებასა და კრიტიკულ ჟურნალისტიკას.

კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, აღნიშნულ მინიმალურ ოდენობებს დააწესებს უკვე არსებულ კომპენსაციის მაქსიმალურ ზღვართან ერთად, რომელიც შეურაცხყოფის შემთხვევაში 3 მილიონ დრამს (8 366 აშშ დოლარი), ხოლო ცილისწამების შემთხვევაში - 6 მილიონ დრამს (16 733 აშშ დოლარი) შეადგენს.

სომხური მედია განმარტავს, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მოსარჩელეები ვერ შეძლებენ კანონით განსაზღვრულ მინიმუმზე ნაკლები კომპენსაციის მოთხოვნას, ხოლო სასამართლოებს უფრო მცირე ოდენობის კომპენსაციის დაკისრების უფლება არ ექნებათ.

ერთობლივ განცხადებაში ორგანიზაციები აცხადებენ, რომ შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობის მექანიზმები, შესაძლოა, მედიაზე ზეწოლის ინსტრუმენტებად იქცეს.

ისინი ახსენებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასა და სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს 997-ე გადაწყვეტილებას და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სასამართლოებმა კომპენსაციის განსაზღვრისას მედია საშუალების ფინანსური მდგომარეობა უნდა გაითვალისწინონ, რათა უზრუნველყონ, რომ პასუხისმგებლობამ გაკოტრებამდე არ მიიყვანოს ის.

იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ცვლილებები მიზნად ისახავს პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვის გაძლიერებას, რადგან მოქმედი ჩარჩო სათანადოდ არ იძლევა მიყენებული ზიანის პროპორციული კომპენსაციის გარანტიას.

ხელმომწერები მოუწოდებენ იუსტიციის სამინისტროს, უკან გაიწვიოს სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი და დაიწყოს ღია პროფესიული დისკუსიები მედიის წარმომადგენლებთან წინადადების დასაბუთებისა და შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრების აუცილებლობის შესახებ.

ისინი ასევე მოუწოდებენ სამინისტროს, წარუდგინოს პროექტი ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანოებს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით.

განცხადებას ხელს აწერენ: „გამოხატვის თავისუფლების დაცვის კომიტეტი“, „ერევნის პრესკლუბი“, „მედია ინიციატივების ცენტრი“, „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი“ , ჟურნალისტთა კლუბი „ასპარეზი“, „საზოგადოებრივი ჟურნალისტიკის კლუბი“, არასამთავრობო ორგანიზაციები - „ჟურნალისტები მომავლისთვის“ და „ჟურნალისტები ადამიანის უფლებებისთვის“, ასევე „ინფორმაციის თავისუფლების ცენტრი“.