გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერების ერთობლივი განცხადება - ევროპული უსაფრთხოების უფრო ფართო საკითხებზე შეთანხმებების მიღწევა შეუძლებელი იქნება, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აგრძელებს

გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერების ერთობლივი განცხადება - ევროპული უსაფრთხოების უფრო ფართო საკითხებზე შეთანხმებების მიღწევა შეუძლებელი იქნება, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აგრძელებს

ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს განუყოფელი კავშირი უკრაინის უსაფრთხოებასა და ევროატლანტიკურ სივრცეში არსებულ უფრო ფართო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას შორის; მათ ასევე კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, - ამის შესახებ გერმანიის, გაერთიანებული სამეფოსა, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც “მსურველთ კოალიციის” ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ 2025 წლის დეკემბერში ბერლინსა და 2026 წლის იანვარში პარიზში აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, უკრაინას უნდა ჰქონდეს მყარი და იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები. აღნიშნული გარანტიები თავდაცვითი ხასიათის იქნება და მჭიდროდ იქნება კოორდინირებული შეერთებულ შტატებთან.

“ეს გარანტიები, მათ შორის შეიძლება მოიცავდეს: უკრაინისთვის მყარი და მნიშვნელოვანი სამხედრო, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გრძელვადიან გაგრძელებასა და გაღრმავებას, რაც უზრუნველყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების მდგრადობას, მონაწილეობას აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისა და ვერიფიკაციის მექანიზმში, ევროპის ხელმძღვანელობით მოქმედ მრავალეროვნულ ძალებს უკრაინაში, რომელიც დაკომპლექტდება სხვადასხვა სახელმწიფოს კონტრიბუციით, აშშ-ის მხარდაჭერით იმოქმედებს და უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს ჰაერში, ზღვასა და ხმელეთზე, ასევე იმუშავებს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენაზე და ეროვნული პროცედურების გათვალისწინებით, იურიდიულად სავალდებულო ვალდებულებას - რუსეთის მხრიდან მომავალი შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, მიღებულ იქნას ზომები მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად”, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ლიდერებმა, ასევე, შეათანხმეს ზოგადი პოზიციები და პრინციპები, რომლებიც ეხება ევროპის ჩართულობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში. მოლაპარაკებების მთავარ პრიორიტეტად კვლავ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულება რჩება.

“მათ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საერთაშორისო საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით დაუშვებელია და რომ სრულად პატივი უნდა სცენ უკრაინის სუვერენული უფლებას - თავად აირჩიოს უსაფრთხოების მექანიზმები და ალიანსები. მათ ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის სახელმწიფო აქტივები გაყინული დარჩება მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ ომს და არ აანაზღაურებს უკრაინისთვის ომის შედეგად მიყენებულ ზიანს. ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ევროპული უსაფრთხოების უფრო ფართო საკითხებზე შეთანხმებების მიღწევა შეუძლებელი იქნება მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აგრძელებს და არღვევს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ნორმებს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირსა და ნატო-სთან დაკავშირებული ნებისმიერი მოლაპარაკების ელემენტები, შესაბამისად, ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების, ასევე ნატო-ს მოკავშირეების თანხმობას მოითხოვს.

“საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯის სახით, ლიდერებმა რუსეთს მოუწოდეს, დათანხმდეს ენერგეტიკულ ზავზე, რომელიც მთელი ზამთრის განმავლობაში იმოქმედებს. იმის გათვალისწინებით, რომ შავ ზღვაში უსაფრთხო გავლასა და ნაოსნობის თავისუფლებას გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ ხაზი გაუსვეს, რომ ასევე აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, რათა შესაძლებელი გახდეს რეგიონიდან სურსათის ექსპორტი”, - აღნიშნულია განცხადებაში.