მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ არაფერი გვქონდა საწინააღმდეგო შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით, რომ თუნდაც, ეს ყოფილიყო მინსკში - უნდა დავძლიოთ საუბრის შიში, არ არის არაფერი საშიში ამაში, როცა ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები

ჩვენ არაფერი გვქონდა საწინააღმდეგო შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში, რომ თუნდაც, ეს ყოფილიყო მინსკში - უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის მინსკში შეხვედრას.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, როდესაც საუბარია შეხვედრაზე, შეხვედრის ადგილი უნდა იყოს მისაღები შეხვედრის მონაწილეებისთვის.
„ჩვენ არაფერი გვქონდა საწინააღმდეგო შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში, რომ თუნდაც, ეს ყოფილიყო მინსკში. არის გარკვეული საჭიროებები, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ზოგადად ამ ფორმატის საჭიროებაზე, არის საჭიროებები, რომელიც სწორედ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარეობს და ეს საკითხები მოითხოვს პირველ რიგში დაუყოვნებლივ საუბარს, დიალოგს და სწორედ ამას ემსახურებოდა ამ შეხვედრის გამართვა და ამ შემთხვევაში ადგილი სულაც არ არის ასეთი მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო თავად შეხვედრის დროულად გამართვა და დროულად დაწყება საუბრის იმ საკითხებზე, რაც ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია.
ზოგადად, ბოლო წლებში ჩვენ რუსეთთან ურთიერთობებსა და დამოკიდებულებაში უნდათ, რაღაცნაირად დანერგონ შიში დიალოგის, საუბრის შიში და სრული მიუღებლობა. მეორე მხრივ, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს ყველაზე მეტი და დიდი პრობლემები და საუბრისა და დიალოგის გარეშე, თუკი ვსაუბრობთ რაღაც პრობლემის გადაჭრაზე თუ მოგვარებაზე, ბუნებრივია, ამის გაკეთება არის შეუძლებელი.
შესაბამისად, პირველ რიგში, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არ არის არაფერი საშიში ამაში, როდესაც ესაუბრები მას, ვისთანაც გაქვს პრობლემები. ეს არის აუცილებელი. პირიქით, ეს უნდა იყოს ყველასთვის მისასალმებელი და მისაღები, როდესაც პრობლემურ საკითხებზე იმათთან, ვისთანაც გვაქვს პრობლემები, ჩვენ ვსაუბრობთ ამ თემაზე და არ უნდა გვეშინოდეს ამ თემაზე საუბრის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

























