საია ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე - მნიშვნელოვანია, გამოძიება დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით წარიმართოს - სათანადოდ უნდა შეისწავლონ, რამდენად ამომწურავად იყო მიღებული ყველა პრევენციული ზომა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ფონიჭალაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას ეხმიანება.
როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, სიცოცხლის უფლების დაცვის მოვალეობა, სახელმწიფოს აკისრებს, არამხოლოდ, ვალდებულებას, არ ხელყოს უკანონოდ და განზრახ სიცოცხლე, არამედ მიიღოს შესაბამისი ზომები მის იურისდიქციაში მყოფი პირების სიცოცხლის დასაცავად. საია-ში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს ამ სახის ვალდებულება სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მათ შორის, შენობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს და სახელმწიფოს ავალდებულებს შექმნას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ადეკვატური საკანონმდებლო ჩარჩო და უზრუნველყოს მისი ეფექტიანი ფუნქციონირება.
„2026 წლის 19 ნოემბერს, თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, რომელსაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით (21:52), მაშველები ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ ერთ ბავშვს.
საია უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და იმედოვნებს, რომ მიმდინარე სამაშველო სამუშაოები ნანგრევებში დარჩენილი ბავშვის უვნებლად პოვნით დასრულდება.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელის განცხადებით, კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, კომპანიის მონაცემთა ბაზაში დაკეტილად არის აღრიცხული და წლის განმავლობაში გაზის მოხმარება არ ფიქსირდება. ასევე, მისი განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნული მისამართიდან გაზის სუნთან დაკავშირებით შეტყობინება არ დაფიქსირებულა.
სიცოცხლის უფლების დაცვის მოვალეობა, სახელმწიფოს აკისრებს, არამხოლოდ, ვალდებულებას, არ ხელყოს უკანონოდ და განზრახ სიცოცხლე, არამედ მიიღოს შესაბამისი ზომები მის იურისდიქციაში მყოფი პირების სიცოცხლის დასაცავად. ეს ვალდებულება შეიძლება გავრცელდეს არა მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც აუცილებელია ერთი ან რამდენიმე წინასწარ იდენტიფიცირებული პირის სიცოცხლის დაცვა, არამედ იმ შემთხვევებზეც, როდესაც სახელმწიფოს ევალება საზოგადოების ზოგადი დაცვის უზრუნველყოფა. ამ სახის ვალდებულება სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მათ შორის, შენობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს და სახელმწიფოს ავალდებულებს შექმნას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ადეკვატური საკანონმდებლო ჩარჩო და უზრუნველყოს მისი ეფექტიანი ფუნქციონირება.
თავის მხრივ, „თბილისი ენერჯი“, როგორც სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების მქონე კომპანია, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის უსაფრთხო მიწოდება და სისტემატური შემოწმება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 31 დეკემბრის N80 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესები“ ითვალისწინებს სისტემის ოპერატორის ვალდებულებებს ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და საიმედო მომარაგებასთან დაკავშირებით. მათ შორის, დადგენილებით განსაზღვრულია ოპერატორს ვალდებულება უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის) აღმოჩენისა და ამ დარღვევის შესაძლო შედეგებზე მომხმარებელთა წერილობითი ფორმით ინფორმირების მიზნით, აწარმოოს მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, სისტემატური შემოწმება და განახორციელოს სათანადო რეაგირება.
მნიშვნელოვანია, გამოძიება დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით წარიმართოს. სათანადოდ უნდა იქნეს შესწავლილი, რამდენად ამომწურავად იყო მიღებული ყველა პრევენციული ზომა, მათ შორის, რამდენად იყო დაცული „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესებით” გათვალისწინებული მოთხოვნები.
ამასთან, მნიშვნელოვანია შეფასების საგანი გახდეს ისიც, თუ რამდენად ეფექტიანია ბუნებრივი გაზის ქსელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო მოთხოვნები და მათი პრაქტიკაში იმპლემენტაცია, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
ასეთი ტრაგედიების შემდეგ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე არ ამოიწურება გამოძიების დაწყების შესახებ ცნობითა თუ ცალკეული უწყებების განმარტებებით. საზოგადოებასთან კომუნიკაცია უნდა ეფუძნებოდეს ღიაობისა და ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს და მკაფიოდ პასუხობდეს მთავარ კითხვას, თუ რამდენად ასრულებს სახელმწიფო ადამიანების სიცოცხლის დაცვის ვალდებულებას მათ ყოველდღიურ საცხოვრებელ გარემოში“, - ნათქვამია განცხადებაში.

























