ფრიდრიხ მერცი - სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაში, ჩვენ მასში ჩართულები ვიქნებით - მოლაპარაკებები წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ უკრაინა და ევროპა ამ პროცესის ნაწილი ერთად იქნებიან

იალტის ფორმატი მშვიდობას ვერ მოიტანს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ კიევის მხარდაჭერას იმდენ ხანს გავაგრძელებთ, რამდენიც საჭირო იქნება. სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაში, ჩვენ მასში ჩართულები ვიქნებით. მოლაპარაკებები წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ უკრაინა და ევროპა ამ პროცესის ნაწილი ერთად იქნებიან. „იალტის სტილის“ ფორმატი მშვიდობას ვერ მოიტანს“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
მერცის თქმით, დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილეს საჩუქრად ბერლინის კედლის ნატეხი გადასცა, როგორც მაგალითი იმისა, „თუ რას წარმოადგენდა იალტის გარიგება ბერლინისთვის“.
„შეიძლება გაიხსენოთ, რომ 1987 წელს პრეზიდენტი რეიგანი აქ, ბერლინში იდგა და თქვა: „ბატონო გორბაჩოვო, დაანგრიეთ ეს კედელი!“ დღეს კი ჩვენ პრეზიდენტ პუტინს ვეუბნებით: „დაასრულეთ უკრაინაში ომი და მოდით, ერთად ვიმუშაოთ დიპლომატიური გადაწყვეტილებების მოსაძიებლად“. ჩვენ არ გვსურს, რომ კვლავ გაყოფილ ევროპაში ვიცხოვროთ. ჩვენ თავისუფლებისა და მშვიდობის პირობებში, ერთად ცხოვრება გვსურს“, - აღნიშნა მერცმა.

























