დავით ზანდუკელი, რომელიც ცხოველთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა

ცხოველთა დამცველი დავით ზანდუკელი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო.
დავით ზანდუკელის განცხადებით, მისი დაკავების ფაქტით სისტემას ცხოველთა დამცველების დაშინება სურდა.
„უკანონო პატიმარი ვიყავი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. საერთოდ კონტაქტი არ ყოფილა ჩემსა და დაზარალებულს შორის“, - განაცხადა დავით ზანდუკელმა გათავისუფლების შემდეგ.
შეგახსენებთ, 17 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 16 ნოემბერს, თბილისში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა. მათივე განცხადებით, დაცვის თანამშრომელმა მათ ტერიტორიაზე შესვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ მასზე ფიზიკურად იძალადა და სამართალდამცავებმა ის დააკავეს.

























