თაზო დათუნაშვილი მინსკში გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრაზე - პროცესი, რომელშიც საქართველოს საგარეო პოლიტიკა შედის, უკვე ღიად ვასალური დამოკიდებულებაა რუსეთის მიმართ - ეს არაღიარების პოლიტიკის დასასრულია

თაზო დათუნაშვილი მინსკში გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრაზე - პროცესი, რომელშიც საქართველოს საგარეო პოლიტიკა შედის, უკვე ღიად ვასალური დამოკიდებულებაა რუსეთის მიმართ - ეს არაღიარების პოლიტიკის დასასრულია

პროცესი, რომელშიც საქართველოს საგარეო პოლიტიკა შედის, ეს არის უკვე ღიად ვასალური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ. ეს არის არაღიარების პოლიტიკის დასასრული, - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ აღმასრულებელი მდივანი, თაზო დათუნაშვილი მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრას.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ თაზო დათუნაშვილმა გალუზინი-ზურაბაშვილის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, რომ „ეს არის ფაქტობრივად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა“ რუსეთთან.

თაზო დათუნაშვილის თქმით, ამ შეხვედრიდან ვერაფერს კარგს ვერ მივიღებთ, რადგან გიორგი ზურაბაშვილს „არ აქვს შესაბამისი არც დიპლომატიური და არც პოლიტიკური კალიბრი“.

„პრობლემაა, რომ ევროპის ერთ-ერთი დედაქალაქიდან, პრაღიდან, პროცესი გადავიდა მინსკში, რომელიც რუსეთის გავლენის ზონაა. ეს არის მესიჯი, კონკრეტული გზავნილია. აქ უკვე ორი პირი კი არ ილაპარაკებს, რომელიც გარკვეულწილად გვერდზე მდგომია, როგორც იყო კარასინი და აბაშიძე, არამედ უკვე ილაპარაკებენ მინისტრის მოადგილეები და აქედან უკვე ერთი ნაბიჯია მინისტრების[ შეხვედრამდე].

ყველა ის ადამიანი, ვისაც ბატონ ზურაბაშვილთან უმუშავია და გამოცდილი აქვს მისი დიპლომატიური ხარისხი და გამოცდილება, ყველა გეტყვით, რომ ის არ არის იმ კალიბრის დიპლომატი, რომელსაც შეიძლება საქართველოს სახელმწიფომ ანდოს ბედი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებისა საქართველოს მტერთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორია აქვს ოკუპირებული. საქართველოს აქვს მთელი რიგი მოთხოვნები, მთელი რიგი ამბები, რომლის გარეშეც შეუძლებელია დიპლომატიური ურთიერთობა შედგეს და ამ ინტერესების დამცველად ნამდვილად არ არის საქართველოში საუკეთესო პერსონაჟი ბატონი ზურაბაშვილი. მას არ აქვს ამის არც დიპლომატიური და არც პოლიტიკური კალიბრი. შესაბამისად, ვერაფერს კარგს ვერ მივიღებთ.

ძალიან დიდი პრობლემა დგება, ის კაცი, რომელსაც ელაპარაკება, ბატონი გალუზინი არის ადამიანი, ვინც კურირებს ამიერკავკასიას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბატონი გალუზინი თანაბარ დონეზე ხვდება როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მოადგილეს, ასე ხვდება .ე.წ აფხაზეთის რესპუბლიკის „საგარეო საქმეთა მინისტრს“ და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრს“. ეს არის კაცი, რომელიც ახორციელებს საქართველოს ოკუპაციის აღსრულებას რუსეთის ფედერაციის დიპლომატიურ სამსახურებში. პირველივე ეტაპზე, მოლაპარაკების შედეგების გარეშე, ეს უკვე ძალიან დიდი დიპლომატიური კრახია. პროცესი, რომელშიც საქართველოს საგარეო პოლიტიკა შედის, ეს არის უკვე ღიად ვასალური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ. ეს არის არაღიარების პოლიტიკის დასასრული. [ზურაბაშვილი] კაცს უჯდება სალაპარაკოდ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში არღვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხს“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ამასთან, გადაცემაში თაზო დათუნაშვილი ასევე გამოეხმაურა ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას. მისი განცხადებით, „ეს არის მათ შორის პოლიტიკური პრობლემა, ეს ტრაგედიები ხდება სიღარიბის გამო და სიღარიბე არის სახელმწიფოს პრობლემა“.

დათუნაშვილის თქმით, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ტრაგედიის დროს არ უნდა ამბობდეს, რომ „ტრაგედია ყველგან ხდება“.

„მოდი პირდაპირ ვთქვათ, სხვა დროს ამაზე არ ვლაპარაკობთ და ტრაგედიის დროს მაინც ვთქვათ სიმართლე. საერთოდ არ მაინტერესებს, რას მოაბამს ამას კუდად პროპაგანდა. სიმართლეა ის, რომ ასეთი პრობლემები, კონკრეტულად გაზის პრობლემა, ეს სიდუხჭირის პრობლემაა, ეს სოციალური პრობლემაა. საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილს, რომ არ გაიყინონ, აქვთ სისტემები სახლებში, რომლებიც 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისისაა. ეს პრობლემაა და ამ პრობლემას ჰქვია სიღარიბე, სხვა რამ არ ჰქვია. თანამედროვე სისტემები არ არის ასეთი საშიში. პირდაპირ ვთქვათ, პრობლემა არის ეს ძველი, ე.წ. ირანული გამათბობლები. ეს ხომ კარგი ცხოვრებისგან არ არის? ასეთ საკითხზე ვერავისზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გადაიტან, გარდა იმ ხელისუფლებებისა, რომლებიც ამდენი წელია ქვეყანას მართავს. გათბობის სისტემის უსაფრთხოება, უკვე ისტორიული ამბავი გახდა, რომ ეს ამ ქვეყანას პრობლემად მოჰყვება. გადაჭრაზე პასუხია, რომ „ტრაგედია ყველგან ხდება“. ამ ტრაგედიის მინიმიზაციაც ყველგან ხდება? არა, ხდება კარგ ქვეყნებში. ევროკავშირში არის ბევრი ასეთი წესი, რომელსაც დღეს ბინძური ხალხი „ქართული ოცნებიდან“ ეძახის ბიუროკრატიას. როდესაც გვაქვს ისეთი უსაფრთხოების სისტემები და რეგულაციები, როგორიც საქართველოშია, ეს არ აგვარებს პრობლემას. წლიდან წლამდე პრობლემა ვერ გვარდება.

ფონიჭალის ეს ე.წ. უსინათლოების დასახლება არის საქართველოში ყველაზე სოციალურად ღარიბი უბანი. მოსახლეობის დიდი ნაწილი არიან შშმ პირები, რომელთაც მხედველობის პრობლემა აქვთ. მე სიღარიბე ნანახი მაქვს ყველაზე საზიზღარი ფორმით ამ უბანში. ამ უბნის გამგებელმა კარგად იცის, რომ ათიდან ცხრა სახლში ელემენტარული პირობები არ არის და ამორტიზებული ირანული გამათბობელი არის ამ პრობლემის ნაწილი. როდესაც ასეთი რამე ხდება, არ უნდა იძახოს პასუხისმგებლობიანმა ხელისუფლებამ, რომ ტრაგედია ყველგან ხდება. ტრაგედია ყველგან ხდება, მაგრამ მთელი რიგი პასუხისმგებლობებისა დგება, როდესაც იმ ადამიანებს, ვისაც სახელმწიფოს დახმარება სჭირდებათ, არ აქვთ ეს დახმარება, როდესაც სახელმწიფო იმაზე კი არ ზრუნავს, შენ რა გჭირდება, როგორც მოქალაქეს, არამედ მიმართულია იმაზე, როგორ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ეს არის კატასტროფა, რომელიც პოლიტიკური საკითხია და ამას ვერ გავექცევით, რაოდენ დამახინჯებაც არ უნდა მოინდომოს პროპაგანდამ“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.