ნიკა ჩერქეზიშვილი - ბაგა-ბაღების სააგენტო გაიძარცვა, სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებულ ადამიანთა სასადილოები გაიძარცვა, მეტრო გაიძარცვა და ამაზე რომ საუბრობ, კახა კალაძე ამბობს, მე ამაზე პასუხისმგებელი არ ვარო

წყალმომარაგების სისტემაში ავარიულობის სამიზნე მაჩვენებელი არის 25, ანუ ყოველ 100 კილომეტრზე შეიძლება რომ წლის განმავლობაში ხდებოდეს 25 დაზიანება, 25-ის ნაცვლად ქალაქში ზიანდება 391, წყალარინებაში 25-ის ნაცვლად, არის 945, ანუ 38-ჯერ უფრო გაუარესებული სიტუაციაა, წყალმომარაგების ქსელების 62% არის მოძველებული და წყალარინების 85% მოძველებულია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა და პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა ნიკა ჩერქეზიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ქალაქში კორპუსები შენდება და ქსელი არ იცვლება, მოძველებული მილები ამხელა დატვირთვას ვერ უძლებს.
„ეს კორპუსები შენდება სოკოებივით, მაგრამ არ იცვლება ქსელი, არ იცვლება ინფრასტრუქტურა, ბუნებრივია, ჩვენ პირდაპირ ვერ ვიტყვით, რომ გამრეკელზე მომხდარი ავარია უშუალოდ უკავშირდება რომელიმე კორპუსის მშენებლობას, მაგრამ როცა შენდება, იმას წნევით სჭირდება წყლის მიწოდება, ეს მოძველებული მილები ამ დატვირთვას ვეღარ უძლებს.
დაუშვებელია, უკვე გაცდა ყველანაირ ზღვარს ქალაქის განაშენიანება. მითუმეტეს რომ 2019 წლის ქალაქის გენერალურ გეგმაში უკვე დევს, რომ დაუშვებელია, არ შეიძლება თუ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება არ მოყვა მშენებლობას, არ შეიძლება შენდებოდეს და შენდებოდეს კორპუსები, ამიტომ ხდება საცობები, ამიტომ არის ყოველდღიურად ავარიები, ეს არის შეუქცევადი პროცესი.
თუ სისტემურად არ გადაიხედა ქალაქის პოლიტიკა, ეს გაგრძელდება ყოველდღიურად, ამას ვერაფერი ვერ უშველის. მეტროში რაც მოხდა, ეს ყველაფერი კავშირშია, რაც უნდა მოხმარებოდა მეტროს მოდერნიზაციას, რაც უნდა მოხმარებოდა მოქალაქეების უსაფრთხოებას - 41 მილიონი ლარი, პასუხისმგებელმა ადამიანებმა წაიღეს სახლში, ეს თანხები მოხმარდა ვიღაცის პირად კეთილდღეობას. თავი და თავი არის კორუფცია და უპასუხისმგებლობა და ყველაზე დიდი ტრაგედია არის ის, რომ ქალაქი საკუთარ პულსს ვეღარ გრძნობს, საკუთარ გულისცემას ვეღარ უსმენს და რაც არ უნდა ილაპარაკო, დედაქალაქის სხვადასხვა სამსახურში ვაკეთებ 10 და 20 მიმართვას, მაგრამ 99% ვიღებ უპასუხობას და გულგრილობას.
ბაგა-ბაღების სააგენტო გაიძარცვა 5 300 000 ლარზე მეტით, სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებულ ადამიანთა სასადილოები გაიძარცვა 3 500 000 ლარზე მეტით. მეტრო გაიძარცვა 41 მილიონით და ამაზე რომ საუბრობ, კახა კალაძე ამბობს რომ მე ამაზე პასუხისმგებელი არ ვარო“, - განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.
ჩერქეზიშვილის თქმით, კალაძე პასუხისმგებლობას არ იღებს იმაზე, რაც უშუალოდ მის სტრუქტურაში ხდება.

























