მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებს

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებს

სოციალურად დაუცველთა რეესტრი არის ცოცხალი ორგანიზმი - ოჯახების გადამოწმება მომავალშიც გაგრძელდება და ვფიქრობ, ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რომლის მეშვეობითაც ზუსტად გვეცოდინება, ვის რა სტატუსი აქვს და ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებს , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, წლების განმავლობაში ოჯახების გადამოწმება შეჩერებული იყო, რამაც შექმნა ისეთი მოცემულობა, "როდესაც ბაზაში ფიქსირდებოდნენ ადამიანები, რომელთა მიმართაც შეიძლება, საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი ობიექტურად აღარ არსებობდეს".

"ოჯახების გადამოწმების პროცესის დაწყების შემდეგ გამოვლინდა არაერთი ისეთი შეუსაბამობა, რამაც გამოიწვია შემდეგ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ცალკეულ ოჯახებს ახალ სარეიტინგო ქულას განუსაზღვრავს, რომლის შედეგადაც კანონმდებლობით, მაგალითად, შემწეობის მიღების უფლება არ არის გათვალისწინებული. ვიღაცა შეიძლება საერთოდ ამოსაღები იყოს სოციალურად დაუცველთა ერთიანი რეესტრიდან და ასე შემდეგ. ეს ქულები ძალიან მნიშვნელოვანია. რეალურად, ეს გახლავთ მკაფიოდ გაწერილი კრიტერიუმები, რომლის მეშვეობითაც პრაქტიკულად, არითმეტიკული სიზუსტით ხდება იმის დაანგარიშება, ვის რა ეკუთვნის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. ამ საქმეს ასრულებს სოციალური მომსახურების სააგენტო და ვფიქრობ, რომ წარმატებულად გაართვა თავი ამ უმნიშვნელოვანეს ამოცანას. ბუნებრივია, ამ დრომდე ასეთი გადაწყვეტილებები არსებობდა. ეს რეესტრი არის ცოცხალი ორგანიზმი. ბუნებრივია, ადამიანები, ოჯახები რეესტრში ამ პერიოდის განმავლობაშიც ემატებოდნენ. ვიღაცა, ბუნებრივია, აკლდებოდა. ასე გაგრძელდება მომავალშიც და ვფიქრობ, რომ ერთ დღესაც ჩვენ მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ზუსტად გვეცოდინება ვის რა სტატუსი აქვს და აქედან გამომდინარე, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებს", - განაცხადა სარჯველაძემ.