რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე - უკვე ტყუილების ამარა არიან დარჩენილები და გადასულები არიან თვითმართლების რეჟიმში, რაც კარგია

[ოპოზიციის წარმომადგენლები] ფაქტობრივი ტყუილების ამარა არიან დარჩენილები - ფაქტობრივად, გადასულები არიან თვითმართლების რეჟიმში, რაც კარგია, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ადამიანებს არაფერი აქვთ სათქმელი, გარდა იმისა, რომ თავი იმართლონ და ეცადონ, საკონსტიტუციო სასამართლო და საზოგადოება მოატყუონ.
"რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც უფრო მეტს ლაპარაკობენ ეს ადამიანები საკონსტიტუციო სასამართლოში, მით უფრო მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს. ფაქტობრივად, გადასულები არიან თვითმართლების რეჟიმში, რაც კარგია. ეს ნიშნავს, რომ ისინი აღიარებენ, რომ სინამდვილეში, დანაშაული ჩადენილი აქვთ, მათ შორის, კონსტიტუციის წინაშე და ახლა ცდილობენ, ეს ყველაფერი რაიმენაირად უარყონ, მაგრამ არ გამოუვათ. მეორე მხრივ, ისინი უკვე ფაქტობრივი ტყუილების ამარა არიან დარჩენილები. ეს აჩვენებს იმას, რომ ამ ადამიანებს არანაირი არგუმენტი არ აქვთ, არაფერი აქვთ სათქმელი, გარდა იმისა, რომ თავი იმართლონ და ეცადონ, მოატყუონ საკონსტიტუციო სასამართლო და საზოგადოება. ამ ყველაფრით უფრო მეტი საფუძველი იქმნება იმისთვის, რომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტად დარწმუნდეს, რომ ისინი არიან არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესების, არამედ საქართველოს კონსტიტუციის მტრები", - განაცხადა იონათამიშვილმა.

























