ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 13 ნოემბერს გაგრძელდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 13 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება.
საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე რჩება და სასამართლო კითხვებს კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაუსვამს.
ამასთან, როგორც ცნობილია, კითხვა-პასუხის ეტაპი სავარაუდოდ, მომდევნო კვირის სამშაბათამდე გაგრძელდება.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

























