იაგო კაჭკაჭიშვილი - ოპოზიციურად განწყობილია, სულ მცირე, ყოველი მეორე ამომრჩეველი, თუმცა, ოპოზიციურ პარტიებს მხარდაჭერა გამოუცხადა დაახლოებით 18%-მა, ოპოზიციური ამომრჩევლის უფრო დიდი ნაწილის ხმები კი ჰაერში ჰკიდია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ სოციოლოგს, თსუ-ს პროფესორს, იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა.
- ბატონო იაგო, საკონსტიტუციო სასამართლოში განახლდა პარტიების გაუქმების საქმის კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილვა.
მიუხედავად იმისა, ოპოზიციური პარტიები თვლიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული სასამართლო პროცესი „სამართლებრივი პროცესი არაა და იგი პოლიტიკურია“, ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ფარგლებში კითხვა-პასუხის რეჟიმში ოპონირებისთვის ემზადება.
ოპოზიციური პარტიები ამ პროცესში სიურპრიზებს აანონსებენ. თუმცა, ოპოზიციური სპექტრი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების გაუქმების გადაწყვეტილებას მიიღებს. ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების გაუქმების საქმეზე არსებითი განხილვა ახალი დაწყებულია, მოდით გავიხსენოთ ის, რაც აქამდე იყო საკონსტიტუციო სასამართლოში.
დამკვირვებელთა ნაწილი ამბობს, რომ სასამართლო პროცესზე ოპოზიცია უფრო კვალიფიციურად გამოიყურება, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა არგუმენტები უფრო წონადია. და ეს მაშინ, როცა მოსარჩელე მხრიდან არგუმენტების ნაცვლად პროპაგანდისტული გზავნილები აშკარად ჭარბობდა.
თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ნანახმა, ერთი მხრივ მოსარჩელეების, მეორე მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მოქმედებამ, ხოლო შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების გამოსვლებმა?
- ამ პროცესში ჩემთვის, როგორც სოციოლოგისთვის, მთავარია არა ის, თუ დისკუსიაში ვინ უფრო უკეთესად წარმოაჩენს თავის თავს - მოსარჩელე მხარე თუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, თუმცა, ესეც მნიშვნელოვანია, არამედ ის, თუ რისი ინდიკატორია ეს მოვლენა, რა ტიპის საზოგადოებრივ წესრიგს ასხივებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა.
და აქ გადაუჭარბებლად უნდა ითქვას, რომ საქმე გვაქვს არა მხოლოდ დემოკრატიის, როგორც მმართველობის ფორმის შეუქცევად დაზიანებასთან, არამედ მოქალაქეების პიროვნებად ქცევის იმ მნიშვნელოვანი ასპექტის გაუქმებასთან, რასაც არჩევანის თავისუფლება ჰქვია.
მთავარია არა ის, თუ დისკუსიაში ვინ უფრო უკეთესად წარმოაჩენს თავის თავს - მოსარჩელე მხარე თუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, თუმცა, ესეც მნიშვნელოვანია, არამედ ის, თუ რისი ინდიკატორია ეს მოვლენა, რა ტიპის საზოგადოებრივ წესრიგს ასხივებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა
საქმე ეხება ასიათასობით ამომრჩეველს, რომლებსაც ხელისუფლება უზღუდავს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების შესაბამისი წარმომადგენლობის არჩევის შესაძლებლობას. ეს ნიშნავს მოქალაქის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის, როლის ფუნდამენტურ დაკნინებას.
ეს ავტორიტარიზმის, მეტიც - დიქტატურის კლასიკური მექანიზმია, როდესაც განსხვავებული პოზიციის მქონე მოქალაქეებს ეკრძალება ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და ხდება მათი მარგინალიზაცია.
სხვათა შორის, მსგავსი რამ ერთხელ უკვე გააკეთა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, როდესაც ემიგრანტებს საარჩევნო ხმის უფლება ჩამოართვა. ახლა ამას საქართველოში მცხოვრები, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები ემატებიან.
საქმე გვაქვს არა მხოლოდ დემოკრატიის, როგორც მმართველობის ფორმის, შეუქცევად დაზიანებასთან, არამედ მოქალაქეების პიროვნებად ქცევის იმ მნიშვნელოვანი ასპექტის გაუქმებასთან, რასაც არჩევანის თავისუფლება ჰქვია
ხელისუფლება თავს იმართლებს, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა საერთაშორისო დემოკრატიული პრაქტიკის ნაწილია და ასეთი რამ ბევრ ქვეყანაში მომხდარაო. ეს წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ეყრდნობა არა პარტიების აკრძალვის კონკრეტული ქეისების შინაარსს, არამედ მხოლოდ ზედაპირულ ფაქტებს.
ნაციონალ-სოციალისტების პარტიაც აიკრძალა გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაგრამ ამას საფუძვლად ამ პარტიის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული უდევს და არა გერმანიის ხელისუფლებების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების დაუოკებელი წყურვილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნიურნბერგის სასამართლო პროცესი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მალევე, 1945 წლის ნოემბერში დაიწყო.
მოგვიანებით, 1952 წელს, გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა ნაცისტური იდეოლოგიის გამგრძელებელი სოციალისტური რაიხის პარტიაც. მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებოა 2017 წლის გადაწყვეტილება, როდესაც იმავე სასამართლომ უარი თქვა ულტრამემარჯვენე ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის აკრძალვაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი მიზნები ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია.
1952 წელს, გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალა ნაცისტური იდეოლოგიის გამგრძელებელი სოციალისტური რაიხის პარტიაც. მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებოა 2017 წლის გადაწყვეტილება, როდესაც იმავე სასამართლომ უარი თქვა ულტრამემარჯვენე ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის აკრძალვაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი მიზნები ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია
სასამართლომ განმარტა, რომ პარტიის აკრძალვისთვის მხოლოდ ანტიდემოკრატიული მიზნების არსებობა საკმარისი არ არის - უნდა არსებობდეს ამ მიზნების რეალიზების რეალური შესაძლებლობის დამადასტურებელი საფუძვლებიც. სწორედ ეს განასხვავებს დემოკრატიულ სახელმწიფოში პარტიების აკრძალვის სამართლებრივ მექანიზმს პოლიტიკური კონკურენტების ჩამოშორების მცდელობისგან.
ამიტომ, როდესაც საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გასამართლებლად საერთაშორისო პრაქტიკას იშველიებენ, მთავარი შეკითხვა ასეთია: არსებობს თუ არა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ ეს პარტიები რეალურად უქმნიან საფრთხეს დემოკრატიულ კონსტიტუციურ წესრიგს, თუ აკრძალვის საფუძველი მათი პოლიტიკური საქმიანობა და ხელისუფლებასთან დაპირისპირებაა?
როდესაც ახლა „ნაცმოძრაობის“ აკრძალვას ეშურებიან, ამ პოლიტიკური ძალის მიერ ხელისუფლების დაკარგვიდან 14 წელია გასული და მთელი ამ ხნის მანძილზე ეს პარტია არჩევნებში ლეგალურად და ლეგიტიმურად იღებდა მონაწილეობას. ჰოდა, რატომ ახლა? სადაა ლოგიკა და სამართლიანობა?
მთავარი შეკითხვა ასეთია: არსებობს თუ არა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ ეს პარტიები რეალურად უქმნიან საფრთხეს დემოკრატიულ კონსტიტუციურ წესრიგს, თუ აკრძალვის საფუძველი მათი პოლიტიკური საქმიანობა და ხელისუფლებასთან დაპირისპირებაა?
უკვე ლაპარაკიც კი არ ღირს ისეთი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის აბსურდულობაზე, როგორებიცაა „ლელო,“ გახარია „საქართველოსთვის“ და ა.შ. თუ ამ პარტიებს კონკრეტული დანაშაულების ჩადენას ედავებიან, მაგალითად, ჩორჩანას ეპიზოდს, მაშინ რატომ ახდენენ ამ დავის გენერალიზაციას და რატომ ავრცელებენ მას მთელ პარტიაზე, როგორც ინსტიტუტზე?
მოკლედ, აშკარად მოსჩანს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ამომრჩევლებზე ძალადობის კვალი და ამ კვალის გადაფარვის უსუსურობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე პროცესზე კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა.
ფაქტი ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, ხელისუფლებაში უალტერნატივოდ დარჩეს და თანაც იმ ფონზე, როდესაც მას მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს, ანუ ლეგიტიმაციის მწვავე ნაკლებობას განიცდის.
ფაქტი ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, ხელისუფლებაში უალტერნატივოდ დარჩეს და თანაც იმ ფონზე, როდესაც მას მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს, ანუ ლეგიტიმაციის მწვავე ნაკლებობას განიცდის
- საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ საქმის კითხვა-პასუხის ფარგლებში დაწყებულმა პროცესმა თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა?
როგორც ბევრი ამბობს თავისუფალი სასამართლო ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ, მართლმსაჯულების იმ სისტემაში, რომლის ფარგლებშიც ახლა მიმდინარეობს პარტიების გაუქმების საქმის განხილვა, გვაქვს „შეჯიბრებითობის პრინციპი“, რაც ასე აუცილებელი და მნიშვნელოვანია სამართლიან სასამართლოში.
თქვენი დაკვირვებით, რამდენად დაცულია ამ პროცესზე „შეჯიბრებითობის პრინციპი“?
- შეჯიბრებითობის პრინციპი, შესაძლოა, ფორმალურად დაცულია; კერძოდ, არსებობენ მოსარჩელეები და მოპასუხეები, რომლებიც ოფიციალური პროტოკოლის ფარგლებში მოქმედებენ, არსებობს მტკიცებულებები, რომელთა გარშემო დისკუსიის გამართვა ნებადართულია, სასამართლო პროცესი საჯაროდ გადაიცემა ტელევიზიით და ა.შ.
მაგრამ მთავარი ისაა, რომ მთელი ეს სამართლებრივი პროცესი არის არსებითად სანახაობა, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, რადგან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაწყვეტილება მიიღება საჯარო სივრცის - სასამართლო დარბაზის - მიღმა, კულუარებში.
მთავარი ისაა, რომ მთელი ეს სამართლებრივი პროცესი არის არსებითად სანახაობა, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, რადგან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადაწყვეტილება მიიღება საჯარო სივრცის - სასამართლო დარბაზის - მიღმა, კულუარებში
კულუარებში მიღებული გადაწყვეტილების ავტორიტარული პრაქტიკა კი „შეჯიბრებითობას“ ფუყედ და მოჩვენებითად აქცევს. ამ ეჭვს აძლიერებს ის, რომ, მაგალითად, სასამართლომ ოპოზიციის ბევრი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ხოლო სადავო გახადა თვით მტკიცებულებების გამოკვლევის მოთხოვნა.
კულუარებში მიღებული გადაწყვეტილების ავტორიტარული პრაქტიკა კი „შეჯიბრებითობას“ ფუყედ და მოჩვენებითად აქცევს... ამ ეჭვს აძლიერებს ის, რომ, მაგალითად, სასამართლომ ოპოზიციის ბევრი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ხოლო სადავო გახადა თვით მტკიცებულებების გამოკვლევის მოთხოვნა
- ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი პარტიების შესაძლო გაუქმებას „ირაციონალურ სიგიჟედ“ აფასებს, რომლის მიზანია „ქართული პოლიტიკური ველის მოსუფთავება, მაგრამ პარტიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი ნულის ტოლია.“ მისივე აზრით, ხელისუფლება უფრთხის პარტიების გაუქმებაზე ევროკავშირისა და აშშ-ის მკვეთრ რეაქციას გამოიწვევს.
თუ ევროკავშირზე ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკას გავიხსენებთ, არ რჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველი გუნდი, როგორც თავად ამბობენ „ევროპულ ბიუროკრატიას“ უფრთხის. რასაც ვადევნებთ თვალს და რაც ჩანს ისაა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ევროკავშირსა და ევროკომისიას ათქმევინოს უარი საქართველოზე, ამის შემდეგ კი თქვას - „ჩვენ კი ვეცადეთ, მაგრამ, მათ არ ვუნდივართო“.
ეს დაახლოებით იმას ჰგავს სომხეთის პრემიერი ფაშინიანი რომ აცხადებს - “მოხარული ვიქნებით თუ დსთ-ს უსაფრთხოების კოლექტიური ორგანოდან გაგვრიცხავთო“.
ამის ნათელი დადასტურებაა ის, რაც ევროკომისიის პრესსპიკერმა თქვა - „გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის - რაც შეეხება მეორე შეხვედრას, მინისტერიალს დაკავშირებადობის საკითხებზე, საქართველოს ხელისუფლება მიწვეულია, თუმცა უფრო დაბალ დონეზე“.
პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანებს ჰქონდათ და აქვთ შესაძლებლობა თვალი ადევნონ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, რომელსაც ბევრი „ისტორიულ პროცესადაც“ კი აქვს შეფასებული.
რატომ ითვლება, რომ პარტიების გაუქმება „ირაციონალური სიგიჟეა?
სავარაუდოდ, როგორ აღიქვამს საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს - „ქართული ოცნების“ ტრიუმფად და ოპოზიციის მარცხად, თუ პირიქით?
- ჩემი აზრით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვას საზოგადოება ერთგვაროვნად არ აღიქვამს. „ქართული ოცნების“ მყარი მხარდამჭერების ნაწილი ამას შეიძლება ხელისუფლების პოლიტიკურ წარმატებად და ოპოზიციის დამარცხებად მიიჩნევდეს, ხოლო ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვის ეს იქნება პოლიტიკური არჩევანის თავისუფლებისა და დემოკრატიული კონკურენციის კიდევ უფრო შეზღუდვის ნიშანი.
„ქართული ოცნების“ მყარი მხარდამჭერების ნაწილი ამას შეიძლება ხელისუფლების პოლიტიკურ წარმატებად და ოპოზიციის დამარცხებად მიიჩნევდეს, ხოლო ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვის ეს იქნება პოლიტიკური არჩევანის თავისუფლებისა და დემოკრატიული კონკურენციის კიდევ უფრო შეზღუდვის ნიშანი
თუმცა, აქ მთავარი ისაა, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა არ ნიშნავს მისი ამომრჩევლების პოლიტიკური განწყობების გაუქმებას. ადამიანები მხოლოდ იმიტომ არ იცვლიან საკუთარ შეხედულებებს, რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც ისინი მხარს უჭერენ, სამართლებრივად აღარ იარსებებს.
შესაბამისად, ხელისუფლებამ შეიძლება შეზღუდოს ოპოზიციური პარტიების საქმიანობა, მაგრამ ამით ვერ გააქრობს იმ საზოგადოებრივ უკმაყოფილებასა და პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლებსაც ეს პარტიები, მეტ-ნაკლებად, გამოხატავენ. ამასთან, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკური უკმაყოფილება ავტომატურად არ გარდაიქმნება აქტიურ წინააღმდეგობად.
ამისთვის საჭიროა ორგანიზაციული რესურსები, პოლიტიკური ლიდერებისადმი ნდობა, მოქმედების მკაფიო სტრატეგია და, რაც მთავარია, მოქალაქეების რწმენა, რომ მათ მონაწილეობას რეალური ცვლილებების გამოწვევა შეუძლია. სწორედ ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი ოპოზიციური პარტიების დღევანდელი მდგომარეობა.
ხელისუფლებამ შეიძლება შეზღუდოს ოპოზიციური პარტიების საქმიანობა, მაგრამ ამით ვერ გააქრობს იმ საზოგადოებრივ უკმაყოფილებასა და პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლებსაც ეს პარტიები, მეტ-ნაკლებად, გამოხატავენ. ამასთან, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკური უკმაყოფილება ავტომატურად არ გარდაიქმნება აქტიურ წინააღმდეგობად
ოპოზიციური პარიების მიმართ ნდობის დეფიციტი და ოპოზიციური პოლიტიკური სივრცის ფრაგმენტაცია მნიშვნელოვნად ართულებს საზოგადოებრივი უკმაყოფილების ორგანიზებულ პოლიტიკურ მოქმედებად გარდაქმნას.
ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ პარტიების აკრძალვამ საზოგადოების ნაწილში არა იმდენად აქტიური პროტესტი, რამდენადაც პოლიტიკური გაუცხოება, აპათია და უიმედობა გააძლიეროს. ეს კი ხელისუფლებისთვის მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება ხელსაყრელიც აღმოჩნდეს, რადგან პოლიტიკურად უკმაყოფილო, მაგრამ პასიური საზოგადოება ხელისუფლებისთვის ნაკლებად წარმოადგენს უშუალო გამოწვევას.
ოპოზიციური პარტიების მიმართ ნდობის დეფიციტი და ოპოზიციური პოლიტიკური სივრცის ფრაგმენტაცია მნიშვნელოვნად ართულებს საზოგადოებრივი უკმაყოფილების ორგანიზებულ პოლიტიკურ მოქმედებად გარდაქმნას
თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი ვითარება სერიოზულ პრობლემას ქმნის ხელისუფლებისთვის: როდესაც მოქალაქეთა დიდი ნაწილის ინტერესები და შეხედულებები ინსტიტუციური წარმომადგენლობის გარეშე რჩება, იზრდება გაუცხოება სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის.
ამდენად, საწყის ეტაპზე, პარტიების აკრძალვა შეიძლება ხელისუფლებამ საკუთარი პოლიტიკური წარმატების დემონსტრირებისთვის გამოიყენოს, მაგრამ ეს თავისთავად ვერ იქნება მისი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის ზრდის მაჩვენებელი. პირიქით, შესაძლოა კიდევ უფრო გაღრმავდეს წინააღმდეგობა ხელისუფლების ფორმალურ ძალაუფლებასა და მის საზოგადოებრივ აღიარებას შორის.
საწყის ეტაპზე, პარტიების აკრძალვა შეიძლება ხელისუფლებამ საკუთარი პოლიტიკური წარმატების დემონსტრირებისთვის გამოიყენოს, მაგრამ ეს თავისთავად ვერ იქნება მისი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის ზრდის მაჩვენებელი. პირიქით, შესაძლოა კიდევ უფრო გაღრმავდეს წინააღმდეგობა ხელისუფლების ფორმალურ ძალაუფლებასა და მის საზოგადოებრივ აღიარებას შორის
- ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების თემა რომ დავასრულოთ და შევაჯამოთ უნდა ვთქვათ ისიც, რომ ევროკავშირის გაფართოების გეგმებში საქართველოს ამ ეტაპზე არანაირი პერსპექტივა არ აქვს.
ევროკომისია გვეუბნება თუ ჩვენ გაერთიანებაში გვინდათ ყოფნა, რამდენადაც შესაძლებელია სახელმწიფო ინსტიტუტები ევროპულს დაამსაგვსეთო, ამაზე ჩვენი პასუხი კი დაახლოებით ასე გამოიყურება როგორც დავით უსუფაშვილი შენიშნავს - „ოცნებას“ ჩახერგილი აქვს ღია კარი და ევროპას იქით უყვირის, „გვინდა შემოსვლა, მაგრამ ჩვენნაირი გახდითო“.
ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოსთან მიმართებაში უფრო მკაცრი იქნებოდა, თუმცა, საქართველოსთან დაკავშირებული ჩანაწერები საკმაოდ კრიტიკულია.
თუ ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას გავიხსენებთ, „ქართულ ოცნებას“, რჩება შთაბეჭდილება რომ მმართველ გუნდს აქვს მოლოდინი „შუა დერეფნის“ გამო, ევროკომისიას საქართველოს მიმართ უფრო ლოიალური იქნება.
შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ, ასე ჩანს, - ევროკავშირი და ევროკომისია დაბნეულიც კია იმის გამო, რომ მათ არ ჰქონიათ შემთხვევა, როცა ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული, ასე დემონსტრაციულადაა ამოვარდნილი ევროკავშირის გაფართოების პროცესისაგან და უარს ამბობს რეკომენდაციების შესრულებაზე.
ამის გამო, არ მაქვს მოლოდინი რომ ევროკავშირის შემდეგი დასკვნა საქართველოზე წინა შემთხვევისაგან განსხვავებული იქნება... თქვენც ასე არ ფიქრობთ? თუ არა, ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს?
- ევროკავშირის ინსტიტუტებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ნაპრალი უფსკრულამდე გაიზარდა და „ქართული ოცნების“ პირობებში ამ უფსკრულის ამოვსების ან მასზე ხიდის გადების მოლოდინი სულ უფრო ნაკლებად არსებობს - როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.
ამ ჩიხიდან გამოსავალი ორია - ან ხელისუფლების ჩანაცვლება დასავლეთთან ინტეგრაციაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალით, რაც ყველაზე ეფექტიანად არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხებით მიიღწევა, ან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე ისეთი ზეწოლა, რაც მას უკან დაახევინებს.
ევროკავშირის ინსტიტუტებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ნაპრალი უფსკრულამდე გაიზარდა და „ქართული ოცნების“ პირობებში ამ უფსკრულის ამოვსების ან მასზე ხიდის გადების მოლოდინი სულ უფრო ნაკლებად არსებობს - როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ
ზეწოლის წყარო, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს ქართული საზოგადოება, რომლის მძლავრი და მასობრივი პროტესტი ხელისუფლებას აიძულებს, ავად თუ კარგად, ევროინტეგრაციის კურსს დაუბრუნდეს, ხოლო ზეწოლის მეორე წყარო მძიმე საერთაშორისო სანქციების რეალური პერსპექტივაა, რომლისგან თავის ასარიდებლად ხელისუფლების ანტიდასავლური კურსი შესუსტდება.
ანუ, როგორც მოკლედ იტყვიან, „ქართული ოცნებაზე“ ზეწოლის ფორმულა ასეთია: „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“.
„ქართული ოცნებაზე“ ზეწოლის ფორმულა ასეთია: „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“
- ამ ყველაფრის ფონზე, როცა ბევრის აზრით, პარტიების აკრძალვით მმართველი გუნდი უარს ამბობს ქვეყანაში პლურალიზმზე, არჩევანის უფლებას პრაქტიკულად ზღუდავს, რადგან 5 ბარიერგადალახული პარტიების ამომრჩეველს მათთვის ხმის მიცემის საშუალება არ ექნება, ხელისუფლების პროპაგანდა სვამს ლეგიტიმურ კითხვას - როცა ეს ამბები ხდება, სად არის ამ პარტიებისთვის ხმის მიმცემი ხალხი და ქვეყნის ევროპული არჩევანის მომხრეები?
ეს კითხვა მაინც ისმება მიუხედავად იმისა, რომ მასზე პასუხი აქციებზე ხელისუფლების რეპრესიულ ქმედებებშია. ახლა ბევრი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ „პროტესტი ქაოტურად“, მეტიც, „არაორგანიზებულად და უსისტემოდაც კი მიმდინარეობს“.
ვითარებაში, როცა ბევრი თვლის, რომ ქვეყანაში ახლა არსებული „ელექტორალური ავტორიტაკრატია“ „ავტორიტარიზმად ყალიბდება“, თუ ასეა და ასე რომაა, ამაზე ბევრი მიუთითებს, რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ ეფექტური დღის წესრიგის შექმნას?
- საქმე ისაა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასაც უდგას დღეს ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისი. ოპოზიცია ვერ ახერხებს დღის წესრიგის შექმნას. დღესდღეობით, პოლარიზაცია არსებობს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, არამედ თავად ოპოზიციის შიგნითაც. და ეს დაპირისპირება გადადის ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებზეც.
ფორმალურად შეიქმნა ოპოზიციური პარტიების ალიანსი, თითქოს კარგადაც დაიწყეს. გავიხსენოთ 26 მაისის ხალხმრავალი აქცია, მაგრამ ალიანსმა ვერ აჩვენა მედეგობის რამდენადმე სტაბილური ხარისხი, ვერ დასახა ერთობლივი გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმები და აქტივობები. პირიქით, ერთმანეთის „ჩაძირვაზე“ გადავიდნენ ერთმანეთს ზოგჯერ უფრო მწვავედ უპირისპირდებოდნენ, ვიდრე ხელისუფლებას. ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გააღრმავა ოპოზიციური ძალების ლეგიტიმაციის კრიზისი.
პოლიტიკურ ოპოზიციასაც უდგას დღეს ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისი. ოპოზიცია ვერ ახერხებს დღის წესრიგის შექმნას. დღესდღეობით, პოლარიზაცია არსებობს არა მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, არამედ თავად ოპოზიციის შიგნითაც. და ეს დაპირისპირება გადადის ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებზეც
ოპოზიციური ალიანსი დიდწილად ხელოვნური და უფუნქციო აღმოჩნდა, რაც, საბოლოო ჯამში, მისი დაშლის მაპროვოცირებელი აღმოჩნდა - ალიანსს „ნაცმოძრაობა“ გამოეთიშა. რღვევის პროცესი, ჩემი აზრით, გაგრძელდება.
ამდენად, ერთმანეთისგან გაითიშა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი და ოპოზიციური პარტიები. ეს IRI-ის ბოლო კვლევამაც აჩვენა - ოპოზიციურად განწყობილია, სულ მცირე, ყოველი მეორე ამომრჩეველი, თუმცა, მოქმედ ოპოზიციურ პარტიებს მხარდაჭერა გამოუცხადა მხოლოდ დაახლოებით 18%-მა. ოპოზიციური ამომრჩევლის უფრო დიდი ნაწილის ხმები კი ჰაერშია ჰკიდია.
- თქვენს მიერ დასახელებული მიზეზები და არგუმენტები რეალურია, მაგრამ, არის კიდევ ბევრი რამ, რის გამოც ვერ ახერხებს ოპოზიცია ერთიანი ძალითა და ფრონტით მმართველი გუნდის წინააღმდეგ ბრძოლას.
მხედველობაში მაქვს ის რომ მმართველი გუნდი დაქსაქსული ოპოზიციის წინააღმდეგ ყველა მიმართულებით საკმაოდ წარმატებით მოქმედებს საშინაო პოლიტიკაში.
ქვეყნის 14 წლიანი მმართველობის წლებში „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო იმის გაკეთება, რაც ქართულ პოლიტიკაში გამოჩენისთანავე ბატონმა ივანიშვილმა თქვა - „შუა უნდა გაიკრიფოს“. „შუა არა მხოლოდ გაკრეფილია“, ხელისუფლების აქტიური მცდელობებით ერთმანეთთან დაპირისპირებულიც, მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში წავიდა.
არადა, უამრავ სხვა პრობლემებთან ერთად საქართველოს წინაშე დემოგრაფიული პრობლემა აქვს და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კი კარგად ჩანს...
რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლის ივანიშვილისეულმა „დაღლისა და დანაწევრების პოლიტიკა და ტაქტიკა“ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
რა უნდა ვიფიქრით - მმართველ გუნდს გაუარესებული დემოგრაფიული ვითარება არ აწუხებს და აინტერესებს?
ახლა როცა ოპოზიცია ხელისუფლებას წინააღმდეგობას ვერ უწევს, კიდევ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას ხელისუფლებამ ოპოზიციის წინააღმდეგ?
- ხელისუფლების განზრახვაა გააუქმოს ოპოზიციური პარტიები და ის ყველანაირად ცდილობს, რომ ეს განზრახვა სისრულეში მოიყვანოს. თითქოს კიდევ რა დარჩა ოპოზიციის წინააღმდეგ, მაგრამ, როგორც ცნობილია, ავტორიტარიზმის მადა დიდია: პარტიების, როგორც ინსტიტუტების, აკრძალვის შემდეგ მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნება“ გადაინაცვლებს ადამიანებზე, პოლიტიკოსებზე და აუკრძალავს მათ პოლიტიკურ საქმიანობას, ახალი პარტიების შექმნას - საჯარო აქტივობას, ზოგადად.
პარტიების, როგორც ინსტიტუტების, აკრძალვის შემდეგ მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნება“ გადაინაცვლებს ადამიანებზე, პოლიტიკოსებზე და აუკრძალავს მათ პოლიტიკურ საქმიანობას, ახალი პარტიების შექმნას - საჯარო აქტივობას, ზოგადად
ეს არ არის დისტოპიური წარმოსახვის ნაყოფი, სავსებით რეალური პერსპექტივაა: 2025 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები უკვე ითვალისწინებს აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებულ პირებზე შეზღუდვების გავრცელების შესაძლებლობას.
ამდენად, მოსალოდნელია, რომ შემდეგი ნაბიჯი გახდება კონკრეტული პოლიტიკოსებისა და პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებული პირების უფლებების შეზღუდვა, რისთვისაც გარკვეული საკანონმდებლო საფუძველი უკვე შექმნილია.
- რადგან დამკვირვებელთა უმრავლესობა დარწმუნებულია რომ პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება იქნება სასამართლოს მიერ მიღებული, მოდით ვიმსჯელოთ, ამის შემდეგ როგორი ვითარება შეიძლება ჩამოყალიბდეს ოპოზიციურ ფლანგზე.
სრულიად სამართლიანად მიიჩნევს ბევრი, რომ „პარტიების გაუქმებით საზოგადოებაში განწყობები არ შეიცვლება.“ მეტიც, ეს შესაძლოა, ხელისუფლებისთვის უარესიც კი აღმოჩნდეს იმ თვალსაზრისით, რომ ვინც ცოტა ხნის წინ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერდა მხარს, არც რუსეთის მხარდამჭერთა რიგებში აღმოჩნდებიან და და არც „ნეიტრალური საქართველოს“ მხარდამჭერებში.
დიახ, როგორც ხელისუფლება ამბობს, „ახალი პარტიები“ შეიქმნება, მაგრამ, აქ საინტერესოა ისიც, თუ რა წერია ხელისუფლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელში უწერია - ის პარტიები, რომელსაც შესაძლოა, მხარდამჭერების რიცხვი გაეზარდოთ, ისინიც იქნებიან აკრძალულნი.
სარჩელში გაკეთებული ამ ჩანაწერით რას ეუბნება „ქართული ოცნება“ ჩვენს საზოგადოებას, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს?
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჩართული აქვს პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის კონვეიერი, რომელიც ემუქრება ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე წარმატებას და მოსახლეობის მხარდაჭერას მოიპოვებს.
ხელისუფლებას სურს პოლიტიკურ სცენაზე დატოვოს მხოლოდ ფსევდო-ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დემოკრატიის ფასადს შექმნის და „ქართული ოცნების“ შიშველ ძალაუფლებას ლეღვის ფოთლად აეფარება. რამდენად აქვს ხელისუფლებას რესურსი ეს პოლიტიკური მიზანი რეალობად აქციოს?
ხელისუფლებას სურს პოლიტიკურ სცენაზე დატოვოს მხოლოდ ფსევდოოპოზიციური პარტიები, რომლებიც დემოკრატიის ფასადს შექმნის და „ქართული ოცნების“ შიშველ ძალაუფლებას ლეღვის ფოთლად აეფარება. რამდენად აქვს ხელისუფლებას რესურსი ეს პოლიტიკური მიზანი რეალობად აქციოს?
ტოტალური ძალაუფლების უზრუნველყოფა ავტორიტარულ რეჟიმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი, დაშინების თუ დაშინების გარეშე, მოიპოვებენ საზოგადოების უმრავლესობის აღიარებას და ნორმალიზებას.
დღესდღეობით, ხელისუფლებამ ვერ შეძლო ხალხის გულწრფელი და ნებაყოფლობითი აღიარების მოპოვება. ის ძალაუფლების ინარჩუნებს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე - რეპრესიების, ინსტიტუციური კონტროლისა და საზოგადოების პოლიტიკური პასიურობის ხარჯზე. თუმცა ასეთი ძალაუფლება არ ეფუძნება ფართო ლეგიტიმაციას და მისი შენარჩუნება სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული იძულებისა და კონტროლის მექანიზმებზე.
ხელისუფლებამ ვერ შეძლო ხალხის გულწრფელი და ნებაყოფლობითი აღიარების მოპოვება. ის ძალაუფლების ინარჩუნებს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე - რეპრესიების, ინსტიტუციური კონტროლისა და საზოგადოების პოლიტიკური პასიურობის ხარჯზე
შედეგად, „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაცია შემცირდა 14 წლის მანძილზე და, ვეჭვობ, რომ საკმარისი რესურსები აქვს დარჩენილი ფართო ლეგიტიმაციისთვის. ამას ხელს უშლის თუნდაც ის, რომ ქვეყანაში გადაუჭრელია უმწვავესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები: მაღალი ფასები, სიღარიბე, უმუშევრობა, ემიგრაცია და ა.შ.
- „ევროპული ბიუროკრატიისადმი“ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება მარტივი და გასაგებია - იმის გამო რომ ევროპელებს, რუსებისაგან განსხვავებით ხისტი ქმედებები არ ახასიათებთ. ესაა იმის მიზეზი, რომ ქართული მხარე უკვე შეურაცხყოფებზეც კია გადასული.
სხვაგვარად, ვერანაირად არ ფასდება ევროპელი დიპლომატების მისამართით გაკეთებული განცხადებები - „ბიჭო ცოტა ტონს დაუწი". რაც შეეხება ამერიკას, აშშ-ს მიმართ რომ ჩვენი ხელისუფლება უფრო თავშეკავებულია, ვხედავთ.“
მართალია აშშ-თან არც „სუფთა ფურცლიდან“ ურთიერთობების დაწყება არ გამოვიდა და არც 2024 წლის არჩევნების სრულად აღიარება, მაგრამ, ახლა ვითარება შეცვლილია. შუალედურ არჩევნებში ტრამპის პარტიის კატასტროფული მარცხის შემდეგ რომ „დემოკრატების“ საგარეო პოლიტიკა უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ადამიანის უფლებების დაცვასა და ევროპულ უსაფრთხოებაზე, უკვე ჩანს კიდეც.
როგორც ჩანს, ეგ იყო მიზეზი იმისა რომ საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი შედგა. თუმცა, ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება რომ კარგა ხნის წინ გვაქვს დაწყებული, ცხადია.
აშშ-ს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში შეცვლილი ძალთა ბალანსის პირობებში, სავარაუდოდ, როგორი შეითლება იყოს საქართველოს აშშ-თან ურთიერთობის ტაქტიკა და სტრატეგია?
- აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის ტრამპის მემარჯვენე პოპულიზმზე და MAGA-ს ხისტ პოლიტიკაზე კონტროლის გასაზრდელად. თავის მხრივ, ეს წაადგება, ზოგადად, მსოფლიო ლიბერალური წესრიგის მოძლიერებას, რომელიც ბოლო წლებში სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა.
აშშ-ს სტრატეგიული ურთიერთობა შეჩერებული აქვს საქართველოსთან და, საქართველოში ავტორიტარიზმის „ჩაბეტონების“ მცდელობის და აშშ-ში მემარჯვენე პოპულიზმის შესუსტების ფონზე, გაუცხოება შენარჩუნდება და გაღრმავდება კიდეც
რაც შეეხება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს, ვფიქრობ, საქართველოსთან მიმართებით, აშშ-ის პოლიტიკა არსებითად იგივე დარჩება ან შესაძლოა, გაუარესდეს კიდეც.
აშშ-ს სტრატეგიული ურთიერთობა შეჩერებული აქვს საქართველოსთან და, საქართველოში ავტორიტარიზმის „ჩაბეტონების“ მცდელობის და აშშ-ში მემარჯვენე პოპულიზმის შესუსტების ფონზე, გაუცხოება შენარჩუნდება და გაღრმავდება კიდეც.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

























