გიორგი სიორიძე - რეალური ოპოზიცია ვერ იქნება ოპოზიცია, რომელიც შეიძლება სახელისუფლებო პარტიისგან დეკლარირებული მიზნებით განსხვავდება, მაგრამ ქმედებებში მმართველი პარტიის ნაბიჯებს ეთანხმება

პირველ რიგში, რეალური ოპოზიცია ვინც ვერ იქნება, არ ნიშნავს, რომ უნდა ვეძებოთ მხოლოდ და მხოლოდ რეგისტრირებულ პარტიებში, რომლებიც აქტიურები არიან, ეს ბუნებრივია. მეორე, რეალური ოპოზიცია ვერ იქნება, მათ შორის, ისეთი ოპოზიცია, რომელიც შეიძლება სახელისუფლებო პარტიისგან თუნდაც დეკლარირებული მიზნებით განსხვავებულია, მათ შორის ისეთით, როგორიც არის საგარეო პოლიტიკური კურსი, მაგრამ თავის ქმედებებში ყველანაირად ეთანხმებოდეს მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მმართველი პარტიის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას, პირდაპირ იმეორებდეს მმართველი პარტიის პოლიტიკურ გზავნილებს, ხშირ შემთხვევაში პრაქტიკულად, 90%-ით ეთანხმებოდეს ყველაფერში მმართველ პარტიას და არაფერში ეწინააღმდეგებოდეს, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველო - ლელოს” წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პარტიების აკრძალვის შესახებ “ქართული ოცნების” სარჩელს მოსამართლეთა პლენუმი იხილავს.
სიორიძემ ხელისუფლების სასარგებლოდ შექმნილ ოპოზიციასა და რეალურ ოპოზიციას შორის არსებულ განსხვავებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელოვნურად შექმნილი ოპოზიცია პარლამენტსა და საკრებულოებში მხოლოდ და მხოლოდ კვოტების ასათვისებლად არის განწესებული.
“ასეთი ოპოზიცია თუნდაც პარლამენტში იყოს წარმოდგენილი, იქნება მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური ოპოზიცია და ვერ ჩაითვლება რეალურ ოპოზიციად. მითუმეტეს, როდესაც შეიძლება იყოს მმართველი პარტიის რიგებიდან გამოსული პირებით დაკომპლექტებული. მაგალითები არ გვინდაო, მაგრამ მე ვისაუბრებ რატომ მიმაჩნია, რომ "ხალხის ძალისა" და "ევროპელი სოციალისტების" კრიტერიუმები განსხვავდება. პარტია, რომელიც მოქმედ პარლამენტში შეიძლება გამოიყოს ცალკე ჯგუფად, ეს რა თქმა უნდა, შესაძლებელია. გახარიას პარტიაც თავის დროზე ასე გამოეყო მმართველ ჯგუფს და იყვნენ 2020 წლის პარლამენტში წარმოდგენილები, მაგრამ როდესაც ორი წლით ადრე გამოეყოფი, არ გაქვს შესაბამისი ელექტორალური ძალა, რომ დამოუკიდებელ სუბიექტად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და შენი პარტიის რიგებს დაგატოვებინებენ იმიტომ, რომ პარლამენტში ისევ მოგახვედრონ და ისევ მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში მოხვდები და როგორც კი შენს უფლებამოსილებას ცნობენ, დაუბრუნდები შენს პარტიას, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე სოზარ საუბარი, რომელიც სხვათა შორის, "ხალხის ძალა" როდესაც შეიქმნა უმრავლესობის სხდომებსაც ესწრებოდა ხოლმე და გასვლით შეხვედრებს. ასეთი პარტია, რა თქმა უნდა, რეალურ ოპოზიციად ვერ ჩაითვლება, ანუ ფორმალურად საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა მყოფი პარტია, ფრაქცია ექნება თუ არ ექნება ფრაქცია, მხოლოდ და მხოლოდ კვოტების ასათვისებლად რომ არის, მაგალითად, საგამოძიებო კომისიაში სავალდებულო კვოტების, უმრავლესობის მიღმა კვოტების, ოპოზიციის კვოტების ასათვისებლად, რა თქმა უნდა ვერ ჩაითვლება რეალურ ოპოზიციად მითუმეტეს, როცა ანალოგიურად ხდება 64-ვე მუნიციპალიტეტის საკრებულოში, წარმომადგენლობით ორგანოში, სადაც მათთვის შეიქმნა სპეციალური ფრაქციები, 5 მილიონი ყოველწლიური დაფინანსება აქვთ და ეს პრივილეგიები მიიღეს. ზოგადი კრიტერიუმები ეს არის.
ასევე, შეიძლება დეკლარირებული მიზნებიც იყოს განსხვავებული, მაგალითად, პარტიაში შეიძლება იყოს სხვადასხვა მიმართულებები და პარტიამ თავისი შედარებით უფრო მეტად რადიკალური პოზიციები გაახმოვანოს სხვა პარტიის მეშვეობით, სხვა დროს. "ხალხის ძალა" როგორც შეიქმნა, რასაც "ქართული ოცნება" პირდაპირ ვერ ამბობდა, უფრო ღიად და გაჭრილად იტყვის "ხალხის ძალაო". "ქართულ ოცნებას" თავის ელექტორატში ჰყავდა უფრო მეტად პრორუსული მსოფლმხედველობის ამომრჩეველიც, იმათზე მომუშავე შეიძლება ყოფილიყო სხვა პარტია, "პატრიოტთა ალიანსი" თავის დროზე და ეს შეურაცხმყოფელი რატომ არის?!
პრორუსული განწყობები რომ ამომრჩეველში არსებობს, ეს ფაქტია ჯერ ერთი და რატომ არის შეურაცხმყოფელი! ისეთი განსხვავებაც შეიძლება იყოს, რაც საგარეო პოლიტიკური ორიენტაციაა, მაგრამ მაინც არ იყოს რეალური ოპოზიცია, როცა სხვა ყველა საკითხში ეთანხმებოდნენ და უნისონში მოქმედებდნენ”, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

























