რას კითხულობდნენ მოზარდები ოქტომბერში? - „ბიბლუსის“ ტოპ 10 წიგნი

„ბიბლუსი“ ბავშვებისა და უფროსების კატეგორიებში ყოველთვიურად ყველაზე პოპულარული წიგნების სიის გამოქვეყნებას აგრძელებს.
2026 წლის ოქტომბრის მონაცემებით მოზარდებში ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეული ასეთია:
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი - პატარა პრინცი ანუკა ბარათაშვილის ილუსტრაციებით

„პატარა პრინცის“ ეს ულამაზესი გამოცემა როგორც პატარა, ასევე ზრდასრული მკითხველის ფავორიტად რჩება. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის უკვდავი სიუჟეტი და ანუკა ბარათაშვილის საოცარი ილუსტრაციები გულგრილს არავის დატოვებს.
„პატარა პრინცი“ ზღაპრული სიუჟეტით გადმოსცემს ადამიანური ყოფიერების ყველაზე ღრმა და მარადიულ ჭეშმარიტებებს. ბავშვებისთვის ის მარტივი და ემოციური თავგადასავალია, ხოლო ზრდასრულებისთვის - დაკარგული გულწრფელობის, ბავშვური სიწმინდისა და ცხოვრების ჭეშმარიტი ფასეულობების: სიყვარულის, მეგობრობისა და პასუხისმგებლობის ფილოსოფიურ საწყისებზე შექმნილი ნაწარმოები.
იაკობ გოგებაშვილი - მოთხრობები ცინცაძის ილუსტრაციებით

ეს ფერადი წიგნი დიდ ადამიანურ სიბრძნეზეა, რომლითაც სავსეა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერება. იაკობ გოგებაშვილის ამ მოთხრობების კრებულში პატარა მკითხველი აღმოაჩენს ევროპულ საყმაწვილო თხზულებებში მიგნებულ და „გაქართველებულ“ ბუნების შვილებს - ადამიანებსა და მცენარეებს, უამრავ შინაურ და გარეულ არსებას და მათ ქმედებებში საკუთარ თავსაც კი ამოიცნობს ხოლმე!

ანა გავალდას „35 კილო იმედი“ არის 13 წლის გრეგუარის შესახებ - ბიჭის, რომელსაც სძულს სკოლა. მას სულ აკრიტიკებენ, რადგან გაკვეთილების მომზადებაში ცოტა სუსტია, თუმცა „ოქროს ხელები“ აქვს და იტაცებს მექანიკა და გამოგონებები. ერთადერთი ადამიანი, ვინც მას უგებს და აფასებს, ბაბუა ლეონია. სკოლიდან გარიცხული ბიჭი თავად პოულობს გამოსავალს და ცდილობს მოხვდეს კოლეჯში, სადაც თავის ნიჭს გამოავლენს. ეს არის ამაღელვებელი ამბავი იმედზე, ბრძოლაზე და საკუთარი თავის პოვნაზე საზოგადოებაში, როცა სისტემის ჩარჩოებში ვერ ექცევი.
მიხეილ ჯავახიშვილი - ჯაყოს ხიზნები

სერია „მოსწავლის არჩევანი“ გთავაზობთ ქართული და მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს, რომლებიც ამ პროექტში მოზარდთა ასაკის, ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით არის დაჯგუფებული. სერიაში შესულია როგორც სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული ნაწარმოებები, ასევე ე.წ. კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, წიგნები, რომლებიც მოზარდს შეაყვარებს კითხვას და მნიშვნელოვნად გააფართოებს მის თვალსაწიერს. წიგნები დაყოფილია 6 ჯგუფად კლასების მიხედვით, თითოეულ მათგანს ერთვის სახალისო სავარჯიშოები.
„ჯაყოს ხიზნები“, რომელიც „ბიბლუსის“ ოქტომბრის ყველაზე მოთხოვნად წიგნებს შორის მოხვდა, სწორედ აღნიშნული სერიის ერთ-ერთი გამოცემაა.
ონჯალი როუფი - ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერხზე

ბრიტანელი მწერლის, ონჯარი რაუფის რომანში მოთხრობილია პატარა სკოლის მოსწავლის ამბავი, რომელიც ეხება თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას - ლტოლვილთა კრიზისსა და ადამიანურ თანაგრძნობას.
კლასის ახალი მოსწავლე არსანი კლასის ბოლო მერხზე ჯდება, თითქმის არ ლაპარაკობს და ყოველთვის სევდიანია. თანაკლასელები ცდილობენ მეტი შეიტყონ მის შესახებ. აღმოჩნდება, რომ არსანი სირიელი ლტოლვილია, რომელმაც ომის გამო ოჯახი დაკარგა. წიგნი გამოსცემს ბავშვურ გულწრფელობას, მეგობრობას - თუ როგორ ცდილობენ პატარები თანატოლის დახმარებას და მისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.

გრაფიკული რომანი „დოგმენი“ პოპულარული ამერიკელი ავტორის „კაპიტანი ტრიკოს“ შემქმნელის, დეივ პილკის ბესტსელერია. კომიქსის პირველი წიგნი 2016 წელს გამოიცა.
დოგმენი კრიმინალთან მებრძოლი, სიმართლის სადარაჯოზე მდგარი ნამდვილი სუპერგმირია.
წიგნი გამორჩეული იუმორით, სასაცილო თავგადასავლებითა.და მეტად სახალისო ილუსტრაციებით ეხმიანება ყველაზე მნიშვნელოვან თემებს: სიკეთეს, თანაგრძნობას, მეგობრობასა და ერთგულებას. კომიქსის თხრობის სტილი, ავტორის განსაკუთრებული იუმორი და ენამახვილობა მოხიბლავს არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსი თაობის მკითხველსაც.
ჯოან როულინგი - ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა

„ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ არის ბრიტანელი მწერლის, ჯოან როულინგის ავტორობით შექმნილი, ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო სერიის პირველი წიგნი, რომელი 1997 წელს გამოქვეყნდა.
სიუჟეტი მოგვითხრობს პატარა ობოლი ბიჭის, ჰარი პოტერის შესახებ, რომელიც მძიმე პირობებში იზრდებოდა თავის მკაცრ ნათესავებთან და არაფერი იცოდა საკუთარი წარსულის შესახებ.
მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება 11 წლის იუბილეზე, როდესაც შეიტყობს, რომ ჯადოქარია. მას ჰოგვორტსის ჯადოქრობისა და მაგიის სკოლაში იწვევენ. სკოლაში ჰარი პოტერი შეიძენს ნამდვილ მეგობრებს - რონ უისლისა და ჰერმიონ გრეინჯერს. ჰარი ნელ-ნელა ეუფლება მაგიის ხელოვნებას და პარალელურად იგებს სიმართლეს თავისი მშობლების დაღუპვისა და ბოროტი ჯადოქრის, ვოლდემორის შესახებ. წიგნის კულმინაციურ ნაწილში მეგობრები ცდილობენ, დაიცვან ლეგენდარული ფილოსოფიური ქვა, რათა სწორედ ბოროტ ლორდ ვოლდემორს არ ჩაუვარდეს ხელში.
გიორგი კეკელიძე - კუპატას თავგადასავალი

გიორგი კეკელიძის ეს კეთილი ზღაპარი შთაგონებულია ბათუმელი ძაღლის, კუპატას ისტორიით. კუპატა ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ყოველდღიურად ხვდებოდა ბავშვების ჯგუფს და გზაზე გადასვლაში ეხმარებოდა. ის მალევე შეამჩნიეს მოქალაქეებმა და ფაქტი ასახეს ვიდეოთიც, რომელმაც მთელი მსოფლიო შემოიარა.
როგორც გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, ყველა ჩვეულებრივი ძაღლი არაჩვეულებრივია, ყველა არაჩვეულებრივი ძაღლი კი - ჩვეულებრივი. კუპატაც სწორედ ასეთი იყო.
„კუპატას თავგადასავალი“ სალომე ხოტივარის საოცარი ილუსტრაციებით გულს გაუთბობს ნებისმიერი თაობის მკითხველს და თავიდან შეაყვარებს ადამიანის ოთხფეხა მეგობარს.
ნერმინ ბეზმენი - ჩემი არ გესმით

მოზარდობის პერიოდი ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ურთულესი ეტაპია. როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ ასაკის სირთულეებს მოზარდი გოგონა და არსებობს თუ არა ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი?
წიგნში, „ჩემი არ გესმით“ ავტორის ფრთხილი და პროფესიონალური მიდგომა, საინტერესო იდეები დაეხმარება მოზარდებსა და ახალგაზრდა ქალებს, სწორად შეაფასონ მოვლენები და დაძლიონ სირთულეები.
მარკ ტვენი - ტომ სოიერის თავგადასავალი

“ტომ სოიერის თავგადასავალს” ბავშვებიც და დიდებიც ინტერესით კითხულობენ. მკითხველი კი არა, თურმე თავად მარკ ტვენიც დიდხანს ფიქრობდა, ვერ “დაედგინა”, ვისთვის დაწერა “ტომ სოიერი” - დიდებისთვის თუ პატარებისთვის. ბოლოს კი ასეთი დასკვნა გამოიტანა: ეს წიგნი უმთავრესად ბიჭებისა და გოგონებისთვის მაქვს დაწერილი, მაგრამ ვიმედოვნებ, დიდებიც წაიკითხავენო.
(R)

























