BTU-ს გუნდი Web Summit-ზე

BTU-ს გუნდი Web Summit-ზე

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) სტუდენტური გუნდი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე – Web Summit-ზე გაემგზავრა. სტუდენტებმა ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საუნივერსიტეტო კონკურსში – UNI4VERSE-ში გამარჯვების შედეგად მოიპოვეს.

კონკურსში საწყის ეტაპზე 32 უნივერსიტეტი მონაწილეობდა, ფინალურ ეტაპზე კი 28 უნივერსიტეტს შორის BTU-ს გუნდი გამარჯვებულად დასახელდა.

BTU-ს გუნდმა კონკურსზე წარადგინა ინოვაციური პროექტი – Aegis, ბლოკჩეინზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის აგენტების მიერ ფინანსური ოპერაციების შესრულებას აკონტროლებს.

პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, წინასწარ განსაზღვრონ ტრანზაქციების ლიმიტები, მოქმედების ვადები და დაშვებული მისამართები, რათა თავიდან აიცილონ AI აგენტების არასანქცირებული ოპერაციები და შეინარჩუნონ კონტროლი საკუთარ ფინანსებზე.

Aegis-ის მთავარი უპირატესობა ფინანსური ოპერაციების უსაფრთხოებისა და მომხმარებლის კონტროლის უზრუნველყოფაა. სისტემა ბლოკჩეინზე ამოწმებს AI აგენტების მიერ ინიციირებულ ტრანზაქციებს და წინასწარ განსაზღვრული წესების დარღვევის შემთხვევაში მათ ავტომატურად ბლოკავს. პროექტში ასევე გამოყენებულია Zero-Knowledge ტექნოლოგია, რომელიც ტრანზაქციების ლიმიტების კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს.

BTU-ს გამარჯვებული გუნდის წევრები არიან:

  • მარი ქობალავა – საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტი;
  • ალექსანდრე წიკლაური – საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის IV კურსის სტუდენტი;
  • ხატია შველიძე – კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტი.

გუნდის მენტორია სტეფანე გურგენიძე, BTU-ს მოწვეული ლექტორი და Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინერი.

UNI4VERSE-ში გამარჯვების შედეგად, Web Summit-ზე გამგზავრებასთან ერთად, BTU-ს გუნდს 20 000 ლარის გრანტი გადაეცა, რომელიც პროექტის შემდგომ განვითარებას მოხმარდება.

UNI4VERSE საქართველოს ერთ-ერთი მასშტაბური საუნივერსიტეტო კონკურსია, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით გაიმართა. წლევანდელი კონკურსი ფინანსური ტექნოლოგიებისა და განათლების მიმართულებებს ეძღვნებოდა.

(R)