13 ნოემბერს, საქართველოს უსინათლოთა კავშირის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება

13 ნოემბერს, საქართველოს უსინათლოთა კავშირის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება

13 ნოემბერს, 19:00 საათზე, ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში, საქართველოს უსინათლოთა კავშირის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

ორგანიზატორთა ცნობით, საქართველოს უსინათლოთა კავშირისთვის 13 ნოემბერი ორმაგად ნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ამ დღეს მთელი მსოფლიო უსინათლოთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

საქართველოს უსინათლოთა კავშირის ინფორმაციით, საიუბილეო ღონისძიების მიზანია ორგანიზაციის საუკუნოვანი საქმიანობის, მიღწევებისა და მემკვიდრეობის წარმოჩენა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ორგანიზაციის მიერ გამოცემული ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნებისა და ჟურნალების, აგრეთვე აუდიოდისკების გამოფენა, უსინათლო და მცირემხედველ პირთათვის ინფორმაციის, ლიტერატურისა და კულტურული რესურსების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით.

საიუბილეო საღამოს დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართება. ფილმში გადმოცემულია ორგანიზაციის ისტორია, რაც მაყურებელს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნოს კავშირის საუკუნოვან გამოცდილებასა და მის როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

საზეიმო საღამო გალა-კონცერტით დასრულდება.

საიუბილეო ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, კულტურისა და საზოგადოებრივი სფეროს მოღვაწეები, კავშირის წევრები და მხარდამჭერები.

საქართველოს უსინათლოთა კავშირის 100 წლიანი ისტორია უსინათლო და მცირემხედველ პირთა ინტერესების დაცვას, მათი შესაძლებლობების წარმოჩენასა და რეალიზებას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობის ხელშეწყობას ემსახურება.