Axios - აშშ-მა რუსეთს ევროპასთან უსაფრთხოების საკითხებზე თავისი მოთხოვნების წარდგენა შესთავაზა

აშშ-მა რუსეთს ევროპასთან უსაფრთხოების საკითხებზე თავისი მოთხოვნების წარდგენა შესთავაზა, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა Axios-ი წერს, რომ რუსეთი დიდი ხანია ცდილობს ევროპასთან უსაფრთხოების შესახებ ისეთ შეთანხმებას მიაღწიოს, რომელიც ნატო-ს გაფართოებას შეზღუდავს და აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს ჯარების რაოდენობას შეამცირებს.
გამოცემის ინფორმაციით, წარსულში აშშ ამ მოთხოვნებს ეწინააღმდეგებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ახლა ამერიკელი მაღალჩინოსნები მზად არიან, რომ ეს მოთხოვნები გარკვეული ფორმით განიხილონ, უკრაინაში ომის დასრულების უფრო ფართო შეთანხმების ფარგლებში.
ევროპული ქვეყნების მთავრობები აშშ-ის ადმინისტრაციის მსგავს მიდგომას სკეპტიკურად განიხილავენ.
ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს სურთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპელებს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობის ნება დართოს.
ასევე, წყაროს თქმით, აბუ-დაბიში 10-11 ნოემბერს, აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის გამართული სამმხრივი მოლაპარაკებები „დაძაბული და ემოციური იყო“.
გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში იმის გამო შეიჭრა, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წელს მის მიერ გაგზავნილ წერილს არ უპასუხა. წყაროების ცნობით, პუტინი წერილში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით თავის შეშფოთებებზე საუბრობდა.
ერთ-ერთი წყაროს თანახმად, კუშნერმა და უიტკოფმა რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ მსოფლიო 2021 წლის შემდეგ ძალიან შეიცვალა.
კუშნერმა და უიტკოფმა რუსულ მხარეს შესთავაზეს, რომ ახალი წინადადება მოამზადონ, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მათ მოთხოვნებს მოიცავს, ასევე, მოიცავს დეესკალაციისთვის ნაბიჯებს, რომლის გადადგმისთვისაც კრემლი მზად არის, რათა ევროპა დაარწმუნოს, რომ მომავალში თავს არ დაესხმება.
გამოცემის წყაროს ცნობით, აშშ-მა ევროპის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი რუსეთთან უსაფრთხოების საკითხზე გარიგებას უკრაინისა და ევროპის მხარდაჭერის გარეშე არ დათანხმდება. ასევე, წყაროს თქმით, აშშ ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას რუსეთს ვეტოს უფლებას არ მისცემს.

























