გიორგი სიორიძე - „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რამდენად მარტივია სასამართლოში მათი სამართლებრივი გაცამტვერება

„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რამდენად მარტივია სასამართლოში მათი სამართლებრივი გაცამტვერება, - ამის შესახებ „ლელო -ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გუშინ საკმაოდ საინტერესო შეკითხვები ჰქონდათ მოსამართლეებს.
„მოსარჩელე მხარე გაბითურდა მოსამართლეების შეკითხვებზე. უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ საინტერესო შეკითხვები ჰქონდათ მოსამართლეებს. „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არანაირი სამართლებრივი არგუმენტი, არანაირი ფაქტები, რომელიც შეიძლება მტკიცებულებად გამოდგებოდეს, არ არსებობს ამ სარჩელში. არის შეკერილი, აბსურდული, მინიმალური ძალისხმევით გაკეთებული სარჩელი. ბუნებრივია, როცა არ არის შენს მხარეს სიმართლე, როდესაც აპირებ უბრალოდ გააუქმო ოპოზიციური სპექტრი ქვეყანაში, დაამყარო დიქტატურა და მხოლოდ შენს მიზანს ეყრდნობა ეს და არა რეალურად მომხდარ ფაქტებს, ცხადია, აქ ძალიან რთული იქნება რაიმე ტიპის სამართლებრივი შეფუთვა. „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რამდენად მარტივია სასამართლოში მათი სამართლებრივი გაცამტვერება, რასაც ჩვენ მომდევნო დღეებში აქტიურად გავაკეთებთ და საზოგადოებას დავანახებთ, რა არის მათი რეალური სახე და გავამჟღავნებთ, რა არის მათი რეალური მიზანი“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

























