თაზო დათუნაშვილი თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე ყოფილი პოლიციელების დაკავებაზე - დაუყოვნებლივ უნდა დადგეს მათ შორის ყველა იმ მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც იყვნენ ჩართულნი დანაშაულის ჩაფარცხვაში

ეს შემთხვევა აღარ არის მხოლოდ კონკრეტული პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული. ეს არის განაჩენი მთელი სისტემისა, იმ კრიმინალური სისტემის, რომელიც სამართალდამცავის ფორმაში ჩაცმულ მოძალადეებს იცავს და იმ დანაშაულს, რომელსაც ეს ადამიანები ნებსით თუ უნებლიედ ჩადიან, ხელს აფარებს სისტემურად და ხელს აფარებს მეთოდურად, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს” აღმასრულებელმა მდივანმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც თერჯოლაში სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ეს არის ერთგვარი ორგანიზებული დანაშაულის დაჯგუფების ლოგიკა და შინაარსი დღეს სამართალდამცავ სტრუქტურებში.“
როგორც დათუნაშვილმა აღნიშნა, სტიქაროსნის საქმე არ არის ერთეული შემთხვევა, მისივე თქმით, გიგა ავალიანის საქმეზე, რომ არა ოჯახის წევრების და საზოგადოების ძალიან მძიმე წნეხი სამართალდამცავ ორგანოებზე „ეს საქმეც ჩაფარცხვისკენ მიდიოდა.“
„მინდა გაგახსენოთ უახლოესი წარსულიდან გიგა ავალიანის საქმე. რომ არა ოჯახის წევრების და საზოგადოების ძალიან მძიმე და აქტიური წნეხი სამართალდამცავ ორგანოებზე, ეს საქმეც მიდიოდა ჩაფარცხვის გზით იმიტომ, რომ იქ იყო ძალოვანი სტრუქტურების ინტერესი, ხელი დაეფარებინათ გარკვეული პიროვნებებისთვის. გიგა ავალიანის შემთხვევა იქნება ეს თუ სტიქაროსნის საქმე, სადაც ჟურნალისტური გამოძიება გახდა საჭირო, ზოგადად ეს მიდგომა, რომ თუ არ არის საზოგადოებრივი წნეხი, თუ არ არის ოჯახის გმირული აქტივობა, თუ არ არის ჟურნალისტური გამოძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეები თაროზე დევს. ეს მიანიშნებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ მთელი ძალოვანი სისტემა ჩამომპალია და არ ემსახურება იმ მისიას, რისთვისაც ის არის შექმნილი და რისთვისაც საქართველოს გადასახადის გადამხდელები ამ ადამიანებს ხელფასს უხდიან, ანუ დაიცვან საქართველოს მოქალაქეები კრიმინალისგან, ბოროტმოქმედებისგან. ეს სტრუქტურა გადაიქცა ორგანოდ, რომელიც თავად ჩადის ბოროტმოქმედებას და შემდეგ ამ ბოროტმოქმედი სისტემის საშუალებით ხელს აფარებს ასეთ ადამიანებს.”- აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.
თაზო დათუნაშვილის თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დადგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს არამხოლოდ ამ კონკრეტული მაღალჩინოსნების, არამედ ყველა იმ მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც „ამ სამი წლის განმავლობაში დანაშაულის ჩაფარცხვაში და ამ საქმის გვერდზე გაწევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი“.
„ამის გარდა, ცალსახად უნდა დადგეს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იმიტომ, რომ ეს პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გატყდეს, რომ არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ ხოლმე პოლიტიკურ ხელმძღვანელებს იმ დანაშაულებსა და გადაცდომებზე, რომლებიც ამდენი წელი იწელება და არ მჟღავნდება. ამიტომ, დადგეს პირადად მაშინდელი შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი!
აგრეთვე, მოქმედმა შს მინისტრმა დეტალური ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებას იმის შესახებ, თუ რატომ იყო უმოქმედო გენერალური ინსპექცია, რატომ იყო უმოქმედო ყველა ის მექანიზმი, რომელსაც კანონი ითვალისწინებს და რომელიც უნდა ჩართულიყო იმისათვის, რომ პოლიციელების მიერ ჩადენილი ეს დანაშაული მყისიერად ყოფილიყო გამოძიებული - რა მოხდა და რამ გამოიწვია ის, რომ ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებამდე ეს ინფორმაცია შსს-ის შიგნით არ ცირკულირებდა.
პოლიციელების მიერ მოკლული სტიქაროსნის ოჯახი და მთელი ქართული საზოგადოება იმსახურებს სრულ სიმართლეს და არა იმ ფრაგმენტულ მონათხრობს, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ. იმსახურებს სრულ სიმართლეს ამ კონკრეტული საკითხის შესახებ იმისათვის, რომ მომავალში აღმოიფხვრას მსგავსი, სახელმწიფოსთვის საშიში დანაშაულები, რომელიც ალპობს და ხრწნის სისტემას, რომლის სამსახურიც ადამიანების, ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა.“- აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.
როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ორი პირია დაკავებული, ხოლო ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი.

























