რევაზ ნადარაიამ ნიკა გვარამია სასამართლო სხდომაზე დააბრუნა, მაია კოპალეიშვილის დაშვებაზე კი უარი თქვა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ “კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომაზე კოალიციის ლიდერი ნიკა გვარამია დააბრუნა, მაია კოპალეიშვილი კი - არა.
შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ მიმართა.
„ნიკა გვარამია არის პარტიის თავმჯდომარე და პარტიასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა მისი მონაწილეობის გარეშე ვერ იქნება სრულფასოვნად შესაძლებელი. ასევე, ნიკა გვარამია სარჩელშია მოყვანილი და მისი პოზიციაც მნიშვნელოვანია, რომ დაფიქსირდეს.
საქმის განხილვა შეკითხვების ეტაპზეა. ეს ადამიანებიც უნდა იყვნენ, რომ ყველა შეკითხვას პასუხი გაეცეს. თუ გაძევება ძალაში დარჩა, მოპასუხე საქმის განხილვის დარჩენილ ნაწილს გაივლის პარტიის თავმჯდომარისა და სამართლებრივი ხაზის მთავარი ავტორის, მაია კოპალეიშვილის გარეშე.
ნიკა გვარამიასა და მაია კოპალეიშვილის სახელით მინდა გითხრათ, რომ სხდომაზე დაბრუნების შემთხვევაში, ისინი დაემორჩილებიან საპროცესო სხდომაზე გათვალისწინებული პირობების დაცვას, იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები ორივე მხარისთვის, მოპასუხე და მოსარჩელეებისთვის თანაბრად იქნება გამოყენებული და ისინი დაიცავენ იმ აუცილებელ პირობებს, რაც არის გათვალისწინებული როგორც რეგლამენტით, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონით.
მოპასუხის სახელით გთხოვთ, ნიკა გვარამიას და მაია კოპალეიშვილს მისცეთ შესაძლებლობა სასამართლო სხდომაზე დაბრუნების“, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ.

























