ვლადიმერ მედინსკი - აბუ-დაბიში გამართული შეხვედრის ცენტრალური თემა უსაფრთხოების არქიტექტურა იყო

აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების ცენტრალური თემა უკრაინის კონფლიქტის დასრულების შემდეგ ევროპაში მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა იყო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, სამმხრივ მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა.
„მსოფლიოს სჭირდება ახალი, თანამედროვე, განახლებული უსაფრთხოების სისტემა, რომელიც სამართლიანია და არ აზიანებს არცერთ ცალკეულ ქვეყანას. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ“, - განაცხადა მედინსკიმ.
მისი თქმით, უკრაინაში კონფლიქტმა აჩვენა, რომ ევროპაში არსებული უსაფრთხოების სისტემა კარგად არ მუშაობს.
"უკრაინის კონფლიქტმა აჩვენა, რომ ევროპაში იალტისა და პოტსდამის შეთანხმებების შემდეგ მოქმედი უსაფრთხოების მთელი სისტემა ძალიან ცუდად მუშაობს. ფაქტობრივად, მთელი ორგანიზმია დაავადებული, უკრაინაში კი უბრალოდ ჩირქგროვა გასკდა", - აღნიშნა მედინსკიმ.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მოლაპარაკებების დროს განიხილეს ჰუმანიტარული საკითხები იყო და მხარეები შეთანხმდნენ ტყვეების ახალ ფართომასშტაბიან გაცვლაზე, რომლის კონკრეტული პირობები მალე გამოცხადდება.
„პრინციპში შევთანხმდით ტყვეების ახალ მასშტაბურ გაცვლაზე, რომლის კონკრეტული პარამეტრები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი”, - აღნიშნა მედინსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, მოსკოვს ევროპული ქვეყნებისგან არც ერთი სამშვიდობო წინადადება არ მიუღია.
„ჩვენ არ მიგვიღია არც ერთი სამშვიდობო ინიციატივა, არც ერთი კონკრეტული სამშვიდობო წინადადება ევროპული ქვეყნებისგან“, - განაცხადა მედინსკიმ.
მისი მტკიცებით, ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელობა, ფაქტობრივად, უკრაინელი ხალხის კოლექტიური მოტყუებით არის დაკავებული: ისინი უკრაინაში კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს აფინანსებენ და ამარაგებენ, ამასთან, ხელს უწყობენ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ დაღუპვას.
„რაც შეეხება რიგი ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელობის პოზიციას, ისინი არსებითად უკრაინელი ხალხის კოლექტიურ მოტყუებაში არიან ჩართულები. აფინანსებენ და ამარაგებენ ერთ-ერთ მხარეს, სინამდვილეში კი ხელს უწყობენ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ სიკვდილს. ამიტომ, ჩვენ ნამდვილად არ გვესმის, რაზე შეგვიძლია მათთან საუბარი“, -აღნიშნა მედინსკიმ.

























