შალვა კერესელიძე - „ოცნების“ ხელისუფლებას სურს, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიები ჩამოიშოროს და ამომრჩევლის წინაშე მხოლოდ საკუთარ სატელიტებთან ერთად წარსდგეს

„ოცნების“ ხელისუფლებას სურს, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიები ჩამოიშოროს და ამომრჩევლის წინაშე მხოლოდ საკუთარ სატელიტებთან ერთად წარსდგეს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა, რითაც 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით მოსალოდნელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეჭვგარეშეა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელეთა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელეებს ამ სარჩელს აუცილებლად დაუკმაყოფილებს. დაუკმაყოფილებს იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა ხელისუფლების მხრიდან მიცემული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მისამართით და საკონსტიტუციო სასამართლო ამას აუცილებლად შეასრულებს და ხუთივე პოლიტიკურ პარტიას, aნუ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ამ შემთხვევაში ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, აუკრძალავენ პოლიტიკურ საქმიანობას.
ეს არის იმ დიდი მიზნის მიღწევისთვის საჭირო ნაბიჯი, რა მიზანიც აქვს „ოცნების“ ხელისუფლებას, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მან ყველა კონკურენტი პოლიტიკური პარტია, განსხვავებული აზრი ჩამოიშოროს და მარტო წარსდგეს საქართველოს ამომრჩევლის წინაშე თავის სატელიტ და მის მიერ მართვად პარტიებთან ერთად. ამ მიზნის მისაღწევად იყენებს აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობას, მათ შორის განსაკუთრებულად რასაც ჰქვია პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და პოლიტიკური საქმიანობის შესუსტება. ამიტომ ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, ალბათ, ძალიან მალე მიიღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ჩვენ სასამართლოს დაწყებისთანავე აღვნიშნეთ, განვაცხადეთ და დღესაც მაგ აზრზე ვართ”, - განაცხადა კერესელიძემ.

























