არჩილ გორდულაძე ევა გოცირიძის კითხვაზე: 2012 წლამდე მომხდარი ფაქტები შეერაცხება თუ არა დანარჩენ ოთხ პარტიას? - თუ არ ემიჯნები უფლებების დარღვევის ფაქტებს და „ნაცმოძრაობასთან“ ერთად კოალიციას ქმნი, პასუხისმგებელი ხდები მის ქმედებებზე

წარსულში ჩადენილი ქმედებები, თითქოს არაფერი ყოფილა და „რაც წარსულში იყო, წარსულში დარჩა“, „ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ცხოვრება“, ასეთი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს. თუ თითოეული პარტია არ გამოვა, არ გაემიჯნება და არ დააფიქსირებს მკაფიო პოზიციას [წინა ხელისუფლების დროს ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებზე] და იტყვის, რომ ადამიანის უფლებები თურმე საერთოდ არ ირღვეოდა 2004-2012 წლებში, ამ ფონზე კი მასთან ერთად კოალიციას ქმნი, შენ პასუხისმგებელი ხდები იმ ქმედებებზე, რაც წარსულში „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ჩადენილი, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ევა გოცირიძის კითხვას 2012 წლამდე მომხდარი ფაქტები შეერაცხება, თუ არა დანარჩენ ოთხს პარტიას?
კერძოდ, მოსამართლემ მოსარჩელე მხარის წარმომადგენელს შემდეგი დამაზუსტებელი კითხვა დაუსვა.
„ჩვენ ვსაუბრობთ, ფაქტების შერაცხვაზე. 2012 წლამდე მომხდარი ფაქტები შეერაცხება თუ არა დანარჩენ ოთხ პარტიას? გავიგე, რომ იქ არის შემდგომ ერთად საქმიანობის პერიოდში მომხდარი ფაქტები. იმის გამო, რომ ერთად საქმიანობენ, თქვენი აზრით, უნდა შეერაცხოთ ყველაფერი? ერთმანეთის მიმართ არიან პასუხისმგებელნი, მაგრამ ცალკე მინდა გკითხოთ და ამიტომ, მინდა, ეს გამოვკვეთოთ- 2012 წლამდე მომხდარი ფაქტები უნდა შეერაცხოს დანარჩენ ოთხ პარტიას, თუ არ უნდა შეერაცხოს? თუ კი, რა ლოგიკით?“- ჰკითხა მოსამართლე ევა გოცირიძემ არჩილ გორდულაძეს.
თავის მხრივ, გორდულაძემ განმარტა, რომ პარტიები, რომელთა აკრძალვას ითხოვენ, „მოქმედებენ, როგორც ერთიანი ორგანიზმი“.
„როდესაც პარტიები ერთად, დოკუმენტირებულად ამბობენ, რომ მათი მიზანია ერთად შექმნან კოალიციური მთავრობა, ერთად წარმოადგინონ პრეზიდენტობის კანდიდატი, არავითარი მონაწილეობა არ მიიღონ სხვა პარტიის, ამ შემთხვევაში, ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ აღმასრულებელ რგოლში, მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობას საერთოდ გამოვრიცხავ და სხვა ძალიან ბევრი რამ არის, რომელიც სარჩელში გვაქვს მითითებული. ეს არ არის ჩვეულებრივ ორ პარტიას შორის, უბრალოდ, ხელის ჩამორთმევა და გამარჯობის თქმა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ისინი მოქმედებენ, როგორც ერთიანი ორგანიზმი. აქ არაერთხელ იყო მცდელობა იმის აღმოჩენისა, თითქოს ერთმანეთთან კავშირის და ერთმანეთთან კოალიციის შექმნის გამო ვედავებით არაკონსტიტუციურობას. ეს, ყველაზე რბილი შეფასებით, დეზინფორმაციის მცდელობაა. ამით, ერთია ის, რომ ჩვენ მათ ერთიანობას ვამტკიცებთ და მეორეა ის, რომ ეს ერთიანობა და ერთობა, რაში არის გამოხატული. თქვენი კითხვის პასუხად [ვამბობ], როდესაც ისინი აწმყოში ერთად არიან და აწმყოში ერთად სჩადიან, ისინი იზიარებენ ერთმანეთის მიერ ჩადენილ ქმედებებს და მიზნებიც, რა თქმა უნდა, ერთობლივია. ამავდროულად, როდესაც ისინი ახლა, ერთად არიან, პასუხისმგებელნი ხდებიან თითოეული პარტიის მიერ წარსულში ჩადენილ ქმედებებზე იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი ქმედით არ ემიჯნებიან [მას],“ - განაცხადა გორდულაძემ.
მან პარტიის საქმიანობის აკრძალვის ნაწილში სხვა ქვეყნების, მათ შორის თურქეთის მაგალითიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამომრჩეველს არჩევანის თავისუფლება არ შეზღუდვია.
„წარსულში ჩადენილი ქმედებები, თითქოს არაფერი ყოფილა და „რაც წარსულში იყო წარსულში დარჩა“, „ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ცხოვრება“, ასეთი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს. თუ თითოეული პარტია არ გამოვა, არ გაემიჯნება და არ დააფიქსირებს მკაფიო პოზიციას [წინა ხელისუფლების დროს ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებზე] და იტყვის, რომ ადამიანის უფლებები თურმე საერთოდ არ ირღვეოდა 2004-2012 წლებში, ამ ფონზე კი მასთან ერთად კოალიციას ქმნი, შენ პასუხისმგებელი ხდები იმ ქმედებებზე, რაც წარსულში „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ჩადენილი. სხვა შემთხვევაში, სხვანაირი განმარტების შემთხვევაში გამოდის, რომ არც თავდაცვის დემოკრატია არსებობს, არც დემოკრატიის პრინციპი და არც სამართლებრივი სახელმწიფო - ერთმა პარტიამ თუ რაღაც გააკეთა, შესაძლებელი ხდება, რომ მასთან სხვა, ახალაღმოცენებული პარტიები ისე გაერთიანდნენ და ისე მოახდინონ დემოკრატიის პრინციპისა და დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვა, რომ საერთოდ თავდაცვითი დემოკრატიის ცნებას და პრინციპს უბრალოდ, არსებობის შესაძლებლობაც კი არ დარჩეს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

























