ბერდია სიჭინავა - სრულად გაშიშვლდა უსუსური, არაკვალიფიციური სარჩელი, რაც “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა - კიდევ უფრო ცხადი გახდება, რომ ეს ყველაფერი ბლეფია

ბერდია სიჭინავა - სრულად გაშიშვლდა უსუსური, არაკვალიფიციური სარჩელი, რაც “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა - კიდევ უფრო ცხადი გახდება, რომ ეს ყველაფერი ბლეფია

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი რეგლამენტი უარყო და მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი ამოაგდო, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც პარტიების აკრძალვის შესახებ “ქართული ოცნების” სარჩელთან დაკავშირებით კითხვა-პასუხის ეტაპი მიმდინარეობდა.

სიჭინავას თქმით, კითხვა-პასუხის ეტაპი კიდევ უფრო მეტად აჩვენებს, რომ “ქართული ოცნების” სარჩელი სრული ბლეფია.

“დღევანდელი დღიდან მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ, ფაქტობრივად, სასამართლომ კი თქვა, თითქოს შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მაგრამ საკუთარი რეგლამენტი დააიგნორა, უარყო, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი და, ფაქტობრივად, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი ამოაგდო. ეს არის ფუნდამენტური საკითხი, ძალიან მარტივი მიზეზის გამო - არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე მოხდეს ასეთი მნიშვნელოვანი პროცესი ქვეყანაში, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა და ეს ყველაფერი ხდებოდეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არც დრო და საშუალება მოგვეცა ჩვენ მოსამზადებლად შესაგებლის წარმოდგენისთვის და ასევე საკონსტიტუციო სასამართლომ მტკიცებულების გამოკვლევის ეტაპი ამოაგდო ფაქტობრივად პროცესიდან.

ეს პირდაპირ აჩვენებს მიკერძოებას და, მათ შორის, იმას, რომ ამ ადამიანებს ეჩქარებათ ამ გადაწყვეტილების მიღება. აქ სხვა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა, ბუნებრივია, არ არსებობს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც აქამდე არსებული ეტაპები გავიარეთ ჩვენ და სრულად გაშიშვლდა ის უსუსური, არაკვალიფიციური სარჩელი, რაც “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა, კითხვა-პასუხის რეჟიმით, კიდევ უფრო ცხადი გახდება, რომ ეს ყველაფერი სრული ბლეფია”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.