სერგეი ლავროვი - თუ სომხებს სურთ, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან” უნდა გავიდნენ, მაგრამ თუ სურთ, რომ ჩვენ გავრიცხოთ, ამას არ გავაკეთებთ

სომხეთს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან და ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის შესახებ განაცხადი არ წარუდგენია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„მსგავსი განაცხადი არ მიგვიღია, ისევე როგორც არ მიგვიღია განაცხადი ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის შესახებ“, - განაცხადა ლავროვმა.
ლავროვის ცნობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნები ხვალ, 11 ნოემბერს დაგეგმილ საბჭოს სხდომაზე სომხეთისთვის ორგანიზაციაში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევის საკითხს განიხილავენ.
„2024 წლიდან, უკვე ორ წელზე მეტია, ერევანს საწევრო გადასახადი არ შეუტანია. ჩვენი ორგანიზაციის წესდების 25-ე მუხლის თანახმად, თუ ბიუჯეტში ქვეყნის დავალიანება ორწლიან პერიოდს სცდება, მაშინ მას ხმის მიცემის უფლება უნდა შეუჩერდეს“, - აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, ხმის მიცემის უფლების შესაძლო ჩამორთმევის მიუხედავად, სომხეთისთვის ОДКБ-ის კარი არ იხურება.
„თუ მათ სურთ, მაშინ ორგანიზაციიდან უნდა გავიდნენ, მაგრამ თუ სურთ, რომ სომხეთი ჩვენ გავრიცხოთ, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

























