პარტია „ძლიერი სომხეთის“ სტეპანავანის მერობის კანდიდატი არსენ გევორგიანი ციხეში გარდაიცვალა

პარტია „ძლიერი სომხეთის“ სტეპანავანის მერობის კანდიდატი არსენ გევორგიანი ციხეში გარდაიცვალა

არსენ გევორგიანი, რომელიც 25 ოქტომბერს სტეპანავანის საკრებულოს არჩევნებში პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის სათავეში იყო, დღეს დილას ნუბარაშენის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„10 ნოემბერს, დაახლოებით 07:55 საათზე, სომხეთის იუსტიციის სამინისტროს ნუბარაშენის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. დაახლოებით 08:30 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პატიმრის ბიოლოგიური სიკვდილი დააფიქსირა“, - განაცხადა სომხეთის პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნონა ნავიკიანმა.

გევორგიანი 21 ოქტომბერს, სტეპანავანის საკრებულოს არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე დააკავეს. იმავე დღეს, ანტიკორუფციულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სულ 14 პირი დააკავეს. ანტიკორუფციული კომიტეტის მიერ წაყენებული ბრალდებების თანახმად, გევორგიანმა რამდენიმე ათეულ ამომრჩეველს მისცა ქრთამი იმ პირობით, რომ ისინი ხმას „ძლიერ სომხეთს“ მისცემდნენ. გევორგიანმა ბრალდებები უარყო.