დონალდ ტრამპის განცხადებით, კომპანია Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორსა და ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ქალს შორის კავშირს FBI იძიებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კომპანია Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორსა და ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ქალს შორის კავშირს FBI იძიებს.
დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომპანია Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორს ჯენსენ ჰუანგს ესაუბრა, მას შემდეგ, რაც მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ მას სავარაუდო ჩინელ ჯაშუშთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა.
ტრამპს ჰკითხეს, ფლობდა თუ არა ინფორმაციას ჰუანგის ურთიერთობის შესახებ, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.
„ჯენსენი ამას კატეგორიულად უარყოფს. მას დღეს ვესაუბრე, უბრალოდ მსურდა გამეგო, კარგად გრძნობს თუ არა თავს. მე მას ამის შესახებ ვკითხე და მითხრა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ აღნიშნული პირი ჯაშუში იყო. მე მისი მჯერა. ჩვენ ამას შევისწავლით. ვიცი, რომ ამას FBI სხვა კუთხით იძიებს“, - განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, გამოცემა New York Times-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჯენსენ ჰუანგს ჩინელ ბიზნესმენ ქალთან, ელის ჰუანგთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ელის ჰუანგი ჩინეთს ინფორმაციას აწვდიდა.
მოგვიანებით, Nvidia-ს დირექტორთა საბჭომ ჯენსენ ჰუანგის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ქალთან ურთიერთობის გამო დამოუკიდებელი გამოძიების დაწყების შესახებ გამოაცხადა. ამასთან, კომპანიის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნა ან Nvidia-ს საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა მოხდა.
სკანდალის ფონზე ჯენსენ ჰუანგმა წერილი გაავრცელა, რომელშიც ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ქალთან რომანტიკული კავშირი აღიარა. ჯენსენმა ოჯახს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ საკუთარ ქმედებებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. ასევე, Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

























