შალვა პაპუაშვილი - ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება, ასე რომ, სააკაშვილს მოუწევს თავის 11 წლის მოხდა - რაც შეეხება სხვა ბელეტრისტიკას, რომ პირადი ცხოვრება დავუნგრიეთ, პირიქით, ავუშენეთ, ციხეში იყო კაცი და შვილი შეეძინა

შალვა პაპუაშვილი - ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება, ასე რომ, სააკაშვილს მოუწევს თავის 11 წლის მოხდა - რაც შეეხება სხვა ბელეტრისტიკას, რომ პირადი ცხოვრება დავუნგრიეთ, პირიქით, ავუშენეთ, ციხეში იყო კაცი და შვილი შეეძინა

ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება, ასე რომ, სააკაშვილს მოუწევს თავის 11 წლის მოხდა , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილმა საქართველოს საზღვარზე სააკაშვილის უკანონოდ შემოსვლაში უკრაინის მხარე დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები იყვნენ ამაში ჩართული.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოში შემოსვლამდე მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებსა და ევროკომისიის წარმომადგენლებს ხვდებოდა და მათგან კონკრეტული “დავალებები მიიღო”.

მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტმა ამ ყველაფერზე რომ ისაუბროს, “საერთაშორისო დანაშაულებრივ ქსელს გახსნის”.

“ის, თუ რატომ არ ინანიებს [მიხეილ სააკაშვილი], ამას თავისი ახსნა აქვს. ეს მისი პირადი დამოკიდებულება კი არ არის დანაშაულის მიმართ, ეს არის გარედან წაქეზებული შეგულიანება. როდესაც პოლონეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი სიკორსკი გამოდის და ამბობს, რომ სააკაშვილი მოდერნიზატორი იყო და მაგალითი იყო, როდესაც ევროკომისია გამოდის და ამბობს, რომ თვითნებურად დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ და ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს კითხვას, ამაში შედის თუ არა სააკაშვილი, ამით ტოვებს იმ მიზეზს, რომ ვიფიქროთ, ალბათ, სააკაშვილსაც გულისხმობს ევროკავშირის ელჩი და ევროკავშირი. როდესაც ასე აგულიანებენ, იმიტომაც არ აღიარებს დანაშაულს.

სხვა შემთხვევაში, უნდა გადავიდეს და ილაპარაკოს იმაზე, ვინ დაუორგანიზა საქართველოში შემოპარვა. ვიცით, რომ უკრაინის სამსახურის ორგანიზებით იყო, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა შემოაპარეს საქართველოში. ასევე უნდა მოყვეს, რომ საქართველოში შემოპარვამდე რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში რომ იყო და არა მხოლოდ ევროპარლამენტარებს ხვდებოდა, არამედ ევროკომისიაშიც ჰქონდა შეხვედრები, მაშინ უნდა მოგვიყვეს, რაზე ესაუბრებოდნენ და რა დავალებები მისცეს, რა შეუთანხმა და რა არ შეუთანხმა. ეს ყველაფერი მოსაყოლი ექნება თავის აღიარებასთან და მონანიებასთან ერთად.

ვინ რას მოანანიებინებს, თავის დანაშაულებზე ბოლომდე თუ ილაპარაკებს, საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელი უნდა გახსნას, სადაც ვნახავთ, რომ ჩართული არიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, უცხო ქვეყნების ხელისუფლებები და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი.

რაც შეეხება სხვა დანარჩენ ბელეტრისტიკას მისი მხრიდან, რომ პირადი ცხოვრება დავუნგრიეთ, მე მგონი პირიქით, ავუშენეთ. ციხეში იყო კაცი და შვილი შეეძინა, ასე რომ, შეიძლება პენიტენციურ სისტემას მადლობაც კი გადაუხადოს ამისთვის”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.