BTU და თეგეტა სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) და თეგეტა ჰოლდინგი სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ, რომლის მიზანია საავტომობილო ინდუსტრიაში ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარება, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის ხელშეწყობა, სტუდენტებისთვის პრაქტიკული შესაძლებლობების შექმნა და ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელება.
თანამშრომლობა რამდენიმე ძირითად მიმართულებას გააერთიანებს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ავტოინდუსტრიაში, ტექნოლოგიური სტარტაპების მხარდაჭერას, სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, გამოყენებით კვლევებსა და საერთაშორისო პროექტებს.
პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ინიციატივების განხორციელება. მათ შორისაა Tegeta ბუთქემფი და იდეათონი, რომელიც ავტოინდუსტრიის თემატიკაზე ტრენინგებს, ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრებსა და სტუდენტური იდეების წარდგენას გააერთიანებს. ასევე, Tegeta ჰაკათონი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტური გუნდები თეგეტას მენტორებთან ერთად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით რეალურ ინდუსტრიულ გამოწვევებზე იმუშავებენ და ტექნოლოგიურ პროტოტიპებს შექმნიან. მონაწილეთა მიერ განვითარებული შესაბამისი უნარები, შეფასების დადგენილი წესების დაცვით, შესაძლოა BTU-ს AI Skills Digital Passport-შიც აისახოს.
თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა BTU-ში Smart Mobility & Automotive TechLab-ის შექმნა. მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის კონცეფცია აერთიანებს საავტომობილო ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს, სენსორულ სისტემებს, ელექტრომობილობასა და სიმულაციას.
პარტნიორობა ასევე ითვალისწინებს Tegeta Accelerator-ის კონცეფციაზე მუშაობას, რომელიც საქართველოში ავტოინდუსტრიის მიმართულებით მოქმედი სტარტაპების განვითარებას, მენტორობასა და პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას მოემსახურება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ კვლევებსა და ანალიტიკას. BTUAI-სა და თეგეტას თანამშრომლობით იგეგმება ავტოინდუსტრიის კვლევა, რომელიც გამოავლენს სექტორში მოთხოვნად პროფესიებსა და უნარებს, შეაფასებს არსებულ საკვალიფიკაციო საჭიროებებს და AI ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით შეისწავლის შრომის ბაზრის განვითარების პერსპექტივებს.
სტუდენტების კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია Tegeta Career Fair, სადაც სტუდენტები უშალოდ კომპანიის წარმომადგენლებისაგან მიიღებენ ინფორმაციას თეგეტას სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
სტრატეგიული პარტნიორობა საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასაც მოიცავს. BTU და თეგეტა განიხილავენ ერთობლივი პროექტების ინიცირებას ევროპელ პარტნიორებთან, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ახალი საგანმანათლებლო პრაქტიკების დანერგვას.
(R)

























