ვალერი ჩეჩელაშვილი - ივანიშვილი ცდილობს, საერთაშორისო ურთიერთობებში ახალი სტარტი აიღოს და ახალი კომუნიკაციის არხები ჩამოაყალიბოს, რისთვისაც ისრაელის ელჩი იდეალური ფიგურაა, გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანა აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე პარტნიორია

ამერიკელებმა საქართველოსთან მიმართებაში ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბეს საკუთარი ხედვები, რომელიც ევროპელების ხედვასთან სრულ თანხვედრაშია - სანდო პარტნიორად დღეს აშშ ჩვენ არ განგვიხილავს , - ამის შესახებ „ჯერ საქართველოს“ წევრმა და დიპლომატმა ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ სამხრეთ კავკასიას განიხილავს, როგორც ერთიან რეგიონს და შეუძლებელია დიპლომატების ჯგუფს, რომელიც სიღრმისეულად მუშაობდა სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხზე, საქართველოს ფაქტორი არ გაეთვალისწინებინა.
„ვფიქრობ, სამხრეთ კავკასია არის ამერიკელების ინტერესების სფერო, თან ეს ორპარტიული სფეროა, რადგან როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს [ენტონი] ბლინკენი იყო სახელმწიფო მდივანი, აქტიურად იყო დაკავებული სამხრეთ კავკასიის პრობლემებით. ვინაიდან, ეს არის ორპარტიული პოზიცია, დიდი ცვლილებები სამხრეთ კავკასიის მხრივ არ იქნება. უფრო თანმიმდევრული გახდება საქართველოსთან მიმართებაში აშშ-ის დამოკიდებულება.
ვფიქრობ, რომ ისინი განიხილავენ სამხრეთ კავკასიას როგორც ერთიან რეგიონს და ვერ წარმომიდგენია, რომ დიპლომატების ჯგუფი, რომელიც ასე სიღრმისეულად მუშაობდა აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობებზე, საქართველოს ფაქტორს არ ითვალისწინებდა. ზაფხულში გახშირებული დელეგაციები რომ ჩამოდიოდა, ამ ინტენსიური მუშაობისას ამერიკელებმა საქართველოსთან მიმართებაში ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბეს საკუთარი ხედვები, რომელიც ევროპელების ხედვასთან სრულ თანხვედრაშია. სანდო პარტნიორად დღეს აშშ ჩვენ არ განგვიხილავს.
რასაც ევროპა გვთხოვს: სამი მაგიური სიტყვა - არჩევნები, პატიმრები, კანონები. ამ სამი მიმართულებით თუ არ გვიჩვენა „ქართულმა ოცნებამ“, რომ რაიმე სახის კომპრომისისკენ რაღაც მზაობა აქვთ, ეს წნეხი უფრო გაძლიერდება და ახლა სენატში უფრო დიდი შანსია, რომ გავიდეს „მეგობარი აქტი“, - განაცხადა ვალერ ჩეჩელაშვილმა.
ვალერი ჩეჩელაშვილის აზრით, ახლა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, საერთაშორისო ურთიერთობებში გარკვეული „ახალი სტარტი აიღოს” - ახალი კომუნიკაციის არხები ჩამოაყალიბოს, სწორედ ამას უკავშირებს დიპლომატი ისრაელის ელჩთან ვალიდ აბუ ჰაიასთან შეხვედრას, მისი აზრით, ისრაელის ელჩი ამისთვის იდეალური ფიგურაა.
„ჩვენ არ ვართ განებივრებულები ბიძინა ივანიშვილის საჯარო სივრცეში გამოჩენით, მითუმეტეს, ეს მხოლოდ საჯარო სივრცეში გამოჩენა არ იყო, ამას საკმაოდ ფართო გაშუქება მოჰყვა. ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რაღაც გარემოებებია, რის გამოც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ გადაწყვიტა, რომ ახლა არის ახალი რაღაცის დრო, ან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს იყო კონკრეტული პროექტის ხელშეწყობით ჩატარებული შეხვედრა. ამავე დროს, უფრო ზოგადი თვალსაზრისით, შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, საერთაშორისო ურთიერთობებში რაღაც ახალი სტარტი აიღოს და ახალი კომუნიკაციის არხები ჩამოაყალიბოს. ისრაელის ელჩი ამისთვის იდეალური ფიგურა იყო, რადგან ჩვენ ისრაელთან ბუნებრივად ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს ჩამოყალიბებული და ისრაელი იყო ის ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის რანგში ოფიციალური ვიზიტი განახორციელა.
ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისრაელი აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და თანმიმდევრული პარტნიორია. თუ ჩვენი ვარაუდი სწორია და ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო ურთიერთობებში ახალი შესაძლებლობების გახსნას ეძებს, ეს შეხვედრა არ იქნება გამონაკლისი და ჩვენ მომავალში ასეთ შეხვედრებს სხვა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთანაც ვიხილავთ. თუ არადა, ეს ნიშნავს, რომ რაღაც განსაკუთრებული პროექტის მხარდაჭერის მიზნით განსაკუთრებული შეხვედრა შედგა” - აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.
ასევე, ჩეჩელაშვილმა ისაუბრა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების კუთხითაც.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან და საქართველო ჩინეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით, ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რომ „ჩინეთს აქ ძირითადად ეკონომიკური პრობლემატიკა და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო თემები აინტერესებს. არ მგონია, რომ გეოპოლიტიკურად აქტიური მოთამაშის, ეს როლი ჩინეთმა საკუთარ თავზე აიღოს, მითუმეტეს, რომ მას განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს რუსეთთან ჩამოყალიბებული“.
„მე მგონია, რომ გადაჭარბებული მოლოდინები გვაქვს, ჩინეთს აქ ძირითადად ეკონომიკური პრობლემატიკა და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო თემები აინტერესებს. არ მგონია, რომ გეოპოლიტიკურად აქტიური მოთამაშის, ეს როლი ჩინეთმა საკუთარ თავზე აიღოს, მითუმეტეს, რომ მას განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს რუსეთთან ჩამოყალიბებული. ჩვენც გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთობა დამყარებული ჩინეთთან, მაგრამ ეს არის ძალიან გაურკვეველი რამ, რადგან ჩინეთს ძალიან კარგად ესმის, რა უნდა საქართველოსგან, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ჩამოყალიბებული, ჩინეთისგან რას ველოდებით.
მე დამისვამს კითხვა ჩინელი დიპლომატებისთვის ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შესახებ, რომელიც არც არის სწორი სიტყვა, რადგან ხელშეკრულების დონეზე ჩამოყალიბებული ეს არ არსებობს, ეს არის განცხადების დონეზე, რაც ასევე კითხვის ნიშნებს იწვევს. მე რომ კითხვა დავუსვი დიპლომატებს, ნიშნავდა თუ არა ჩვენი პარტნიორობა იმას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა გახდება მათი დღის წესრიგის ნაწილი რუსეთთან, ამაზე პასუხი ვერ გამცეს.
ჩინეთი თავს იკავებს ჩვენი რეზოლუციის მხარდაჭერისგან გაეროში, მაგრამ ორმხრივ დოკუმენტებში ტერიტორიული მთლიანობის ნაწილს მხარს უჭერდა. ესეც საინტერესოა, რადგან ბოლო დოკუმენტი, რომელიც გაგვაჩნია, არის ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გაკეთებული განცხადება და იქ ის კი არა წერია, რომ ჩინეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, არამედ იქ ძალიან მოკლე წინადადებით წერია, რომ საქართველო და ჩინეთი მხარს უჭერენ ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ჩვენ შემთხვევაში სრულებითაც ვერ ჩაითვლება საკმარისად.
თავის დროზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომ მოაწერა ხელი დეკლარაციას პრეზიდენტ ჰუ ძინტაოსთან, იქ საკმაოდ დიდი პარაგრაფი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი იყო მიძღვნილი, იქ ასეთი ფრაზაც იყო, რომ „ჩინეთი მხარს დაუჭერს საქართველოს ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც ის განახორციელებს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“. დიპლომატიაში ეს დაუწერელი და დაწერილი პრინციპია, რომ ყოველი შემდეგი დოკუმენტი უნდა იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე წინა დოკუმენტი. ჩვენ შემთხვევაში ეს პრინციპი დარღვეულია. ჩინეთი ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს საქართველოში, მაგრამ ძირითადად ეს პროექტები არის ევროპისგან დაფინანსებული და ჩინეთი ამით ძალიან კარგად სარგებლობს. მაგრამ რაც შეეხება დიდ გეოპოლიტიკას და რუსეთთან შეჯახებას ამ რეგიონში, ჩინეთი ამისთვის მზად არ არის. რუსეთის დასაბალანსებლად არ გამოდგება, რადგან მათთან აქვთ დოკუმენტურად გაფორმებული და გაჟღერებული განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორობა“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
რაც შეეხება, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს, როგორც ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ ვერ აღიარებს, რომ არ არიან პროევროპულები და მათი მთავარი პრიორიტეტი არა რის ევროკავშირში გაერთიანება, რადგან იციან, რომ მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაერთიანებას და მათ ეშინიათ ამომრჩევლის დაკარგვის, თუმცა აღიარების გარეშე ეს მათი ქმედებებიდან ჩანს.
დიპლომატის აზრით, ევროკავშირთან „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე საუბარი რთული იქნება.
„ევროკავშირისგან „ქართული ოცნება“ არაფერს ელოდება და მიუხედავად იმ რიტორიკისა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოსთვის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტად, რაც გულწრფელობის შთაბეჭდილებასარ ტოვებს, უფრო პირიქით ჩანს. ირაკლი კობახიძის ინტერვიუ „ევრონიუსის“ ჟურნალისტთან ძალიან დამთრგუნველი იყო - ამან ჩვენზეც იმოქმედა და ევროპელებზეც, რადგან ამის შემდეგ ძალიან რთულია წარმოიდგინონ, რომ რაიმე სახის კომუნიკაცია შეიძლება აღდგეს საქართველოსთან. ეს იმედგაცრუებაროგორც მარტა კოსის, ასევე დანარჩენების შეფასებებშიც იკითხებოდა.
ევროპა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიმართ ძალიან კრიტიკულია და დასაბუთებულად აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“ როგორც მმართველ პარტიას, ნებისმიერი განცხადების ბოლო აბზაცში უთითებს, რომ ევროკავშირი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და თავისუფლებას.
ევროკავშირი არის ინსტიტუციური დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება და ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედი არის თავისუფალი არჩევნები. ერთადერთი, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ შეეგუეთ იმ აზრს, რომ ჩვენ აქ შემდეგი 14 წელიწადი ვიქნებით. ჩვენი 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს არ არის თვითმიზანი, ევროკავშირში არის უკეთესად უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებები, ბიზნესის შესაძლებლობები, სოციალური და განათლების სტანდარტები და ა.შ. ევროკავშირი საკუთარი ქვეყნებისთვის კეთილდღეობას, უსაფრთხოებას და განვითარების პერსპექტივებს უზრუნველყოფს. ეს არის ფუნდამენტური განსხვავება საქართველოს მოსახლეობასა და ბიძინა ივანიშვილს შორის.
„ქართული ოცნება“ შედის წინააღმდეგობაში საკუთარ თავთან, მე ვფიქრობ, დროა აღიარონ, რომ ის არ არის პროევროპული ძალა და მისი მთავარი პრიორიტეტი არ არის ევროკავშირში გაწევრიანება. თვითონ ამბობენ, რომ 27 ქვეყანა უნდა შეიცვალოს, რომ ჩვენ შევიდეთ ევროკავშირში. ვერ აღიარებენ ამას, რადგან იციან ჩვენს საზოგადოებაში არსებული ძლიერი განწყობები ევროპის სასარგებლოდ - ეშინიათ, რომ ამომრჩეველს და, მათ შორის, საკუთარ ამომრჩეველს დაუპირისპირდნენ. დროა, რომ ამომრჩეველმა საკუთარი დასკვნები გააკეთოს, „ქართული ოცნების“ პირობებში შეუძლებელია, ჩვენ ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე ვისაუბროთ, არათუ ვუახლოვდებით, არამედ ჩვენ მას ვშორდებით.
ბოლოში, როგორც სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას ყოველთვის ხაზს უსვამენ, ასევე ამბობენ - ვიცით რა საქართველოს მოსახლეობის განწყობები ევროკავშირის მიმართ, რა თქმა უნდა, კარი ღია რჩება. კანდიდატის სტატუსს არ მოგვიხსნიან, ჩვენი გაწევრიანების პროცესს დააყენებენ პაუზაზე და ეს პაუზა მოიხსნება მაშინ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

























