„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს სრულად აახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, პროექტის ფარგლებში შეიცვლება 3 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. მათივე ინფორმაციით, ასევე, მოეწყობა სახანძრო ჰიდრანტები, დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და განახლდება შესაბამისი საკვანძო ინფრასტრუქტურა.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ კრწანისის რაიონის გამგებელი ლაშა ცაგურია და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი გიგა ნადირაძე.

როგორც გიგა ნადირაძემ აღნიშნა კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურას სრულად განაახლებს.

„პროექტი ითვალისწინებს როგორც წყალმომარაგების, ისე წყალარინების მილსადენების სრულად შეცვლას. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მათი დასრულება იანვარში იგეგმება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს“, - განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორმა გიგა ნადირაძემ.

ლაშა ცაგურიას თქმით, კრწანისის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, აღნიშნული მიმართულებით გამოყოფილია 2 მლნ ლარი.

„წინანაურის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები კრწანისის რაიონის გამგეობასთან კოორდინაციით მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოვაწყობთ ახალ სანიაღვრე სისტემას და გრუნტის დამჭერ კედლებს, დამონტაჟდება სრულად ახალი განათებები, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მთელ ქუჩაზე სრულად დაიგება ასფალტის საფარი“, - განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა ლაშა ცაგურიამ.

„წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება ჯივიპის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურ რეჟიმში განახორციელებს.“- აცხადებენ კომპანიაში.