ციფრული სამყარო ყველასთვის: DataFest Tbilisi ბავშვებსა და უფროსი თაობის მონაწილეებს სპეციალურ პროგრამებზე უმასპინძლებს

ციფრული სამყარო ყველასთვის: DataFest Tbilisi ბავშვებსა და უფროსი თაობის მონაწილეებს სპეციალურ პროგრამებზე უმასპინძლებს

DataFest Tbilisi 2026-ის მეათე გამოშვების ფარგლებში, ფესტივალის პროგრამას ბავშვებისა და უფროსი თაობისთვის განკუთვნილი აქტივობები ემატება. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს, ტექნოლოგიებისა და ციფრული ინსტრუმენტების შესახებ ცოდნა ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის მონაცემებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტი 6-14 წლის ბავშვების 97.2%-ს გამოუყენებია, 60 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში კი ეს მაჩვენებელი 65.4%-ია. კომპიუტერით სარგებლობის მაჩვენებლებს შორის სხვაობა კიდევ უფრო დიდია: ბავშვებში - 87.6%, უფროსი ასაკის მოსახლეობაში კი - 20.2%. ეს მონაცემები ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების სიხშირეს ასახავს და არა უშუალოდ ციფრული უნარების დონეს, თუმცა აჩვენებს, რომ სხვადასხვა თაობას ტექნოლოგიებთან განსხვავებული გამოცდილება აქვს.

სწორედ ამ განსხვავებული გამოცდილებების გათვალისწინებით დაიგეგმა წლევანდელი სპეციალური პროგრამები, რომლებიც შესაბამისი თაობებისთვის ადაპტირებულ აქტივობებს მოიცავს და ფესტივალის მესამე დღეს, ძირითადი პროგრამის პარალელურად გაიმართება.

პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისთვის 7-16 წლის ასაკის მონაწილეებზეა გათვლილი და მისი მიზანია, ბავშვებს მონაცემებისა და ტექნოლოგიების სამყარო პრაქტიკულ აქტივობებზე დაფუძნებული სწავლების გზით გააცნოს.

საბავშვო პროგრამა DataFest Tbilisi-ზე გასულ წელს პირველად გამოჩნდა და მას 100-ზე მეტი ბავშვი და მოზარდი შეუერთდა. მასში 10-მდე თემატური პარტნიორი მონაწილეობდა, ჩატარდა 10 პარალელური ვორკშოპი, მოეწყო მონაცემებთან დაკავშირებული ორი ინტერაქციული ინსტალაცია, თამაშები და სხვა შემოქმედებითი და საგანმანათლებლო აქტივობები. წარმატებული პირველი გამოცდილების შემდეგ, ინიციატივა წელს უფრო მრავალფეროვანი პროგრამით ბრუნდება.

წლევანდელი პროგრამა გააერთიანებს სწავლას, თამაშს, შემოქმედებითობასა და ექსპერიმენტებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა აქტივობაში საკუთარი ინტერესების შესაბამისად ჩაერთონ და მონაცემები, ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკული გამოცდილებით აღმოაჩინონ.

პროგრამა ფოკუსირებული იქნება ისეთ თემებზე, როგორებიცაა მონაცემების კვლევა და მათი გამოყენება, ხელოვნური ინტელექტი, ალგორითმები და კოდირება, მონაცემები და შემოქმედებითობა, ციფრული უსაფრთხოება და პასუხისმგებლობიანი ონლაინ კომუნიკაცია. დაგეგმილია ინტერაქციული თამაშები, შემოქმედებითი ვორკშოპები, გუნდური გამოწვევები და აქტივობები, რომლებიც მონაწილეებს რეალური საკითხების შესწავლასა და ტექნოლოგიების გამოყენებით პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრაში დაეხმარება.

უფროსი თაობისთვის განკუთვნილი პროგრამა ციფრულ სამყაროში უსაფრთხოდ ორიენტირებაზე იქნება ფოკუსირებული. მისი ძირითადი მიმართულებებია: ხელოვნური ინტელექტი, გენერაციული AI, ონლაინ დეზინფორმაცია, “დიფფეიკები”, თაღლითობის ამოცნობა, პირადი ინფორმაციის დაცვა და ციფრული ხელსაწყოების პასუხისმგებლობიანი გამოყენება. პროგრამა პრაქტიკულ მაგალითებს დაეფუძნება – ორგანიზატორთა თქმით, მიზანი ტექნოლოგიების შესახებ რთული თეორიული ცოდნის გადაცემა კი არა, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსადეგი უნარებისა და ჩვევების განვითარებაა.

პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია სპეციალური ვორკშოპი, რომელიც მონაწილეებს გააცნობს ვიზუალური მანიპულაციის მეთოდებს, მათ შორის AI-ით გენერირებული ფოტოების ამოცნობის თანამედროვე გზებს. დამსწრეები გაეცნობიან ონლაინ ამომცნობ ხელსაწყოებს, შეაფასებენ მათ სანდოობას და ისწავლიან მათ გამოყენებას.

ამ ფორმატით DataFest Tbilisi ცდილობს, ტექნოლოგიებზე საუბარში სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ჩართოს და ფესტივალში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველას მისცეს, განურჩევლად ასაკისა და გამოცდილებისა.

DataFest Tbilisi 2017 წელს დაარსდა და აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველი და ყველაზე მასშტაბური მონაცემთა კონფერენციაა. ყოველწლიური ფესტივალი აერთიანებს მონაცემების, ტექნოლოგიების, ბიზნესის, მედიისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებს. მისი პროგრამა მოიცავს ინსპირაციულ გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს, პრაქტიკულ ვორკშოპებს, ლაბორატორიებს, დატათონებს, ჰაკათონებსა და სხვა ფორმატის ღონისძიებებს.

DataFest Tbilisi-ის მეათე გამოშვება 2026 წლის 26-28 ნოემბერს, სასტუმრო პულმანში გაიმართება. საიუბილეო წლის კონცეფციაა „წარსული. აწმყო. მომავალი“ - პრიზმა, რომლის ჭრილშიც ფესტივალი განიხილავს ხელოვნურ ინტელექტს, ტექნოლოგიებსა და სხვა აქტუალურ მიმართულებებს; შეაჯამებს გასული ათწლეულის გამოცდილებას და იმსჯელებს მომავალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

DataFest Tbilisi-ს ორგანიზებას ForSet უწევს.

მთავარი პარტნიორები: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, Loialté, SocialLab, DataMind, IBCCS TAX Georgia

პარტნიორები: ევროკავშირი საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), SocialLab, EPAM, SmartCLM, PowerDataChat

მხარდამჭერები: Terminal, IMPEL, Techweiz, CyberHUB

ქომუნითი პარტნიორი: GAIA, მედიის განვითარების ფონდი (MDF), GeoLab, Smart Academy, Tbilisi School Of Communication, GeoSTQB

მედიაპარტნიორები: BMG, On.ge, NEXT.On.ge, Formula, Business Formula, IPN.ge, BPN.ge, Marketer, AT.ge, Georgia Today, AINews.ge

დამატებითი ინფორმაცია: https://www.datafest.ge/

(R)