სტუ-ის რექტორი პროფესორ ნინო (ნელი) ჭიჭინაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

სტუ-ის რექტორი პროფესორ ნინო (ნელი) ჭიჭინაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით სამძიმარს უცხადებს აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტსა და ოჯახს გამორჩეული ლექტორისა და ტექნიკური ინტელიგენციის ღირსეული წარმომადგენელის, პროფესორ ნინო (ნელი) ჭიჭინაძის გარდაცვალების გამო.

სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც რექტორის წერილშია აღნიშნული, პროფესორი ნინო (ნელი) ჭიჭინაძე იყო მაღალი პროფესიული კომპეტენციის, გამორჩეული პედაგოგიური ნიჭისა და ადამიანური ღირსებებით შემკული პიროვნება, რომელმაც თავისი მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საუნივერსიტეტო ცხოვრების განვითარებასა და ახალგაზრდა თაობის პროფესიულ აღზრდაში.

„ქალბატონი ნელი ჭიჭინაძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ისე მთლიანად სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოებისთვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს, უსამძიმრებს მათ ამ მძიმე დანაკლისს და პატივს მიაგებს პროფესორის ნათელ ხსოვნას.

ქალბატონმა ნელიმ ცხოვრების უდიდესი ნაწილი თავის მეორე ოჯახში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრაზე გაატარა, სადაც წარუშლელი კვალი და დიდი სიყვარული დატოვა. სტუდენტებისა და კოლეგებისათვის იგი ყოველთვის ასოცირდებოდა განსაკუთრებულ სითბოსთან, სამართლიანობასთან, გვერდში დგომასა და დიდსულოვნებასთან. დღეს მისი აღზრდილი თაობები წარმატებით მოღვაწეობენ სამეცნიერო ლაბორატორიებში, უმაღლეს სასწავლებლებსა თუ წამყვან საწარმოებში, და თითოეულ მათგანში მისი ცოდნისა და ადამიანური სიკეთის ნაწილი ცოცხლობს.

მნიშვნელოვანია ნელი ჭიჭინაძის წვლილი უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური ტრადიციების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. მისი სამეცნიერო საქმიანობა მოიცავდა მნიშვნელოვან და პრაქტიკული ღირებულების მქონე კვლევებს, მათ შორის ტანინის წარმოების გამარტივებული და სრულყოფილი ტექნოლოგიის შემუშავებას, სამხედრო დანიშნულების გამძლე ჟილეტებისთვის ტყვიაგაუმტარი და წყალგაუმტარი მასალების შექმნას და სხვა სამეცნიერო-ტექნოლოგიურ მიმართულებებს. ეს მიღწევები ქართული ტექნიკური მეცნიერების მნიშვნელოვანი ნაწილია და ღირსეულ ადგილს დაიკავებს მის ისტორიაში. თუმცა, სტუდენტებისა და კოლეგების მეხსიერებაში იგი, უპირველეს ყოვლისა, დარჩება გამორჩეულ პედაგოგად და მაღალი ღირსების ადამიანად.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად აკადემიურ საზოგადოებას.

ნათელი და მარადიული იყოს მისი ხსოვნა!“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.