საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ პროექტის Micro-GEAR შემაჯამებელი კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ პროექტის Micro-GEAR შემაჯამებელი კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის ERASMUS+ პროექტის - „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკრო სერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა“ (Micro-GEAR), ფარგლებში შემაჯამებელი კონფერენცია გაიხსნა. სამწლიან პროექტში, რომელიც 2024 წლის იანვარში დაიწყო, ჩართულია 6 ქვეყნის 16 ინსტიტუცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი კონსორციუმის წამყვანი ორგანიზაცია და პროექტის კოორდინატორია. პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ასევე, სომხეთის განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ორი ქვეყნის ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრები, უნივერსიტეტები და სამეცნიერო ცენტრები. ევროპის ქვეყნებიდან პროექტის პარტნიორები არიან: ზაარლანდის (გერმანია), მადრიდის კარლოს III-ის (ესპანეთი), რომის ანიელო მერონეს ევროპული (იტალია) უნივერსიტეტები, ასოციაცია CIMEA – Information Centre on Academic Mobility and Equivalence (იტალია) და საკონსულტაციო კომპანია GIRAF PM e.K. (გერმანია).

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, კონფერენცია გახსნა სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თალიკო ჟვანიამ. როგორც დეკანმა განაცხადა, Micro-GEAR პროექტი საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემების მოდერნიზაციის, ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის ინიციატივაა. მისი თქმით, პროექტის განხორციელების პროცესში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მნიშვნელოვან კოორდინაციულ და აკადემიურ საქმიანობას ეწევა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტის შესაძლებლობებს, უხელმძღვანელოს მასშტაბურ საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობას და საკუთარი გამოცდილება რეგიონული მნიშვნელობის რეფორმების განხორციელებას მოახმაროს.

„მიკროსერტიფიკატების დანერგვა თანამედროვე უმაღლესი განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ის პასუხობს შრომის ბაზრის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს, ხელს უწყობს უწყვეტი განათლების განვითარებას და ქმნის შესაძლებლობას, ადამიანებმა მთელი ცხოვრების განმავლობაში განაახლონ ცოდნა, შეიძინონ ახალი კომპეტენციები და აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ამ პროცესში აერთიანებს საქართველოსა და სომხეთის საგანმანათლებლო ინსტიტუციებსა და ევროპელ პარტნიორებს. ეს თანამშრომლობა ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, საერთო მიდგომების ჩამოყალიბებასა და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ევროპული პრინციპების დამკვიდრებას“, - აღნიშნა თალიკო ჟვანიამ.

სტუ-ის ინფორმაციით, Micro-GEAR პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა უმაღლესი განათლების სისტემაში მიკროსერტიფიკატების, როგორც მოქნილი და კომპეტენციებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო მექანიზმის, დანერგვისთვის აუცილებელი ინსტიტუციური, მეთოდოლოგიური და მარეგულირებელი საფუძვლების შექმნა. მიკროსერტიფიკატი წარმოადგენს კონკრეტული სასწავლო კურსის, მოდულის ან მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღწეული ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების დამადასტურებელ დოკუმენტს. ტრადიციული აკადემიური კვალიფიკაციებისგან განსხვავებით, ის ორიენტირებულია შედარებით მცირე მოცულობის, მკაფიოდ განსაზღვრულ სასწავლო შედეგებზე და მსმენელს საშუალებას აძლევს, საკუთარი საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების საჭიროებების შესაბამისად შეარჩიოს სასწავლო მიმართულებები.

სტუ-ის კომპიუტერული ქსლის მართვის განყოფილების უფროსი და ცისკოს აკადემიის კოორდინატორის, პროექტის მენეჯერის პროფესორ ზაზა ცირამუას თქმით, მიკროსერტიფიკატების სისტემის განვითარება განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე შრომის ბაზრის პირობებში, როდესაც ციფრული ტრანსფორმაცია, ტექნოლოგიური პროგრესი და პროფესიული საქმიანობის ახალი მოთხოვნები უწყვეტი სწავლებისა და კომპეტენციების მუდმივი განახლების აუცილებლობას განაპირობებს. ამ თვალსაზრისით, მიკროსერტიფიცირება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აძლევს შესაძლებლობას, შექმნან შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტირებული მოკლევადიანი სასწავლო პროგრამები, გააფართოონ საგანმანათლებლო შეთავაზებები და სწავლა უფრო ხელმისაწვდომი გახადონ სხვადასხვა ასაკობრივი და პროფესიული ჯგუფისთვის.

„პროექტი ეფუძნება ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციებს უწყვეტი განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მიკროსერტიფიკატების გამოყენების შესახებ. მისი განხორციელება მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოების შესაბამისი მიმართულებების განახლებას, მიკროსერტიფიკატების ხარისხის უზრუნველყოფის, აღიარებისა და დაგროვების საერთო პრინციპების შემუშავებას, ასევე, მათი გაცემისა და ურთიერთაღიარების მექანიზმების განვითარებას. აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სისტემების მოქნილობას, კვალიფიკაციების გამჭვირვალობასა და მიღებული კომპეტენციების უკეთ წარმოჩენას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

სამწლიანი პროექტის განხორციელების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პარტნიორ ქვეყნებში არსებული საგანმანათლებლო გარემოს, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოების, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებისა და მიკროსერტიფიცირების მიმართულებით არსებული საჭიროებების შესწავლას. ამასთანავე, პროექტის პარტნიორები მუშაობდნენ მიკროსერტიფიკატების დანერგვისთვის აუცილებელი საერთო მიდგომების ჩამოყალიბებაზე, შესაბამისი მეთოდოლოგიური საფუძვლების განვითარებასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების თანამშრომლობის გაღრმავებას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ხელშეწყობასა და მიკროსერტიფიკატების აღიარების პრაქტიკის განვითარებას. მნიშვნელოვანი მიმართულებაა ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება, რაც აუცილებელია ახალი საგანმანათლებლო ფორმატების ეფექტიანი დანერგვისა და მდგრადი ინსტიტუციური პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის“, - აცხადებს ზაზა ცირამუა.

შემაჯამებელი კონფერენციის ფარგლებში პროექტის პარტნიორები განიხილავენ განხორციელებული საქმიანობის ძირითად შედეგებს, მიღწეულ პროგრესს, პარტნიორი ორგანიზაციების გამოცდილებასა და მიკროსერტიფიცირების სისტემის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროექტის ფარგლებში შემუშავებული მიდგომების პრაქტიკაში გამოყენებას, საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკროსერტიფიკატების დამკვიდრების პერსპექტივებსა და მიღწეული შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფას.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის Micro-GEAR პროექტის კოორდინაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობის განვითარების, ევროპულ ინსტიტუციებთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისა და რეგიონული საგანმანათლებლო რეფორმების პროცესში უნივერსიტეტის როლის გაძლიერების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. პროექტში წამყვანი ორგანიზაციის სტატუსით მონაწილეობა ადასტურებს უნივერსიტეტის ინსტიტუციურ და აკადემიურ შესაძლებლობებს, წარმატებით განახორციელოს საერთაშორისო მასშტაბის ინიციატივები და საკუთარი გამოცდილება უმაღლესი განათლების განვითარების პროცესს მოახმაროს.